ევროკომისიამ ხუთშაბათს ევროპარლამენტში გამართულ უნდობლობის ვოტუმს გაუძლო, თუმცა კენჭისყრის შემდეგ ევროპარლამენტი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი გუნდისთვის „ვარდებით მოფენილი გზა“ ნამდვილად არ იქნება, – წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით ფონ დერ ლაიენი დაჭრილია: 5 მიზეზი, თუ როგორ შეარყია ევროპარლამენტში კენჭისყრამ მისი პოზიცია.
ხუთშაბათს სტრასბურგში 175-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი კომისიის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმს, 360 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 18-მა – თავი შეიკავა.
360 ევროპარლამენტარი, რომლებმაც უნდობლობის ვოტუმის წინააღმდეგ მისცეს ხმა – და შესაბამისად, დაიცვეს ევროკომისია – ნაკლებია იმ 370-ზე, ვინც კომისია 2024 წლის ნოემბერში დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ 18-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა, 166-მა ევროპარლამენტარმა საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა; ზოგიერთი მათგანი, ალბათ, სტრასბურგშიც კი არ იმყოფებოდა.
ხშირ შემთხვევაში, ეს იყო მათი უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ფონ დერ ლაიენის კომისიის მიმართ.
„მე არ ვუჭერ მხარს ულტრამემარჯვენეების წინადადებებს. ამავდროულად, არ ვენდობი ამ კომისიას, რომელმაც სისტემატურად უღალატა ერთი წლის წინ მიღებულ მანდატს. ამას ყოველდღიურად ვხედავ […] მიგრაციულ პოლიტიკაში, პალესტინაში შექმნილ ვითარებაში, კლიმატურ და სოციალურ პოლიტიკაში“, – განაცხადა იტალიელმა ევროპარლამენტარმა, სესილია სტრადამ.
2024 წლის ნოემბერში ევროკომისია დამტკიცდა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), განსაკუთრებით კი „იტალიის ძმების“ პარტიის, ხმებით. უნდობლობის ვოტუმში, ჯამში, ECR-ის 41-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ მიმართულ წინადადებას. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტიას ხმა საერთოდ არ მიუცია. ფონ დერ ლაიენისთვის ეს არის სიგნალი, რომ მელონის მხარდაჭერა გარანტირებული არ არის.
„მწვანეები“ მიიჩნევენ, რომ კომისიის გარემოსდაცვითი დღის წესრიგი, დიდწილად, „ყოვლისმომცველი“ საკანონმდებლო პაკეტების ქვეშ მოექცა, მაშინ როდესაც მწვანე შეთანხმება იშლება. ამავე დროს, კომისია წინ წევს მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, რაც ჯგუფის შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
მიუხედავად უნდობლობის ვოტუმის დამარცხებისა, მისმა ინიციატორმა, გეორგე პიპერეამ სიმბოლური გამარჯვება მოიპოვა.
„553 ევროპარლამენტარიდან 175 ხმა მომხრეთა რიცხვში, ძალიან კარგი პროპორციაა“, – განუცხადა მან Euronews-ს კენჭისყრის დასრულებისთანავე.
ფონ დერ ლაიენი ახლა დგას გამოწვევის წინაშე: როგორ დააბალანსოს ტრადიციული დაფინანსების წყაროები მზარდ მოთხოვნებთან, რომლებიც თანამედროვე პრიორიტეტებში სტრატეგიულ ინვესტიციებს ეხება. ეს მოიცავს უკრაინისთვის უწყვეტ მხარდაჭერას და თავდაცვის ხარჯების გაზრდას.
ამ ყველაფერთან ერთად, ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც კომისია დაიცვა უნდობლობის ვოტუმისგან, სანაცვლოდ რაღაცას ელოდება – და ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა თავიანთი პრიორიტეტებისთვის დაფინანსება უზრუნველყონ.