„ოცნება” არჩევნებზე ეუთო/ოდირს არ იწვევს – ვიხილავთ თუ არა მისიებს უნგრეთიდან და სხვა „ნაკლებადცნობილი” ორგანიზაციებიდან

მმართველი პარტია 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს, პრემიერი ულტიმატუმსაც აყენებს ამ საკითხზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ საბოლოოდ ცნობილი უნდა გახდეს, აღიარებენ თუ არა პოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ორგანიზაციის შარშანდელ დასკვნას და დამკვირველების მოწვევაზე ამის მერე იმსჯელებენ.

ამის მიუხედავად, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ გამოხატავს მზაობას, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გამოგზავნოს. მანამდე კობეხიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებით „ეუთო/ოდირის დატვირთვა ზედმეტი იქნება”.

„გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ოფისი მზადაა გაგზავნოს სადამკვირვებლო მისია, თუ ხელისუფლება მოწვევას დროულად გამოაგზავნის”, – აღნიშნულია ოფისის 7 ივლისის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის არმოწვევა „გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან”.

თუ ეუთო/ოდირი არ დააკვირდება 4 ოქტომბრის არჩვენებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა „ოცნებამ” ორგანიზაცია არ მოიწვია. მანამდე, თითქმის ყველა არჩევნებზე მოწვევის შედეგად სადამკვირვებლო ჯგუფები იგზავნებოდა და შესაბამისად დასკვნებიც იწერებოდა. გამონაკლისია 2014 წელი, როცა ეუთო/ოდირი შეზღუდული ბიუჯეტის მიზეზით არ ეწვია საქართველოს, თუმცა „ოცნებამ” მაშინ მოიწვია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა აშშ-ს სახდეპი და ევროკავშირი ეუთო/ოდირის დასკვნას არ აღიარებენ, ამასთან ორგანიზაციას ორაზროვანი შეფასებები აქვს, მმართველ პარტიას ერთადერთი არჩევანი დარჩა, არ მოიწვიოს დამკვირვებლები ეუთო/ოდირიდან.

„ვინაიდან ევროკავშირი და გარკვეულწილად აშშ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და, პირინციპში, ქართველი ამომრჩევლის ნებას ასახავდა, ასეთ პირობებში, თვითონ ეუთო/ოდირის განცხადების შემდეგ, როდესაც ამ არჩევნებს ორაზროვანი შეფასება მისცა, მისი საბოლოო დასკვნის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას” ერთადერთი ის არჩევანი დარჩა, რომ ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებზე აღარ მოიწვიოს, რაც, სხვათაშორის, სავალდებულო არცაა.

„მეორეც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დააყენოს – აღიარებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას? განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თავად განაცხადა, რომ არსებული ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები ქართველი ამომრჩევლის ნებას ასახავდა.

„ამ დროს, ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეა იღებს რეზოლუციას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, რითაც ფაქტიურად საკუთარ თავს ეწინააღმდგება. გაუგებრობაში ვართ მოხვედრილი როგოც სახელმწიფო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ეს იმ პოლიტიკური კონიუქტურითაა გამოწვეული, რაც დღეს ევროპაშია შექმნილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, რომ ის ევროკავშირს არ მიჰყვება, მათ შორის, უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებაში. აქედან აშკარად იკითხება სურვილი ამ რეზოლუციებით, ამ განცხადებებით და ნაბიჯებით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას შეუწყონ ხელი. აი, ამით იყო გამოწვეული კობახიძის განცხადების შინაარსი და პათოსი და ასევე „ქართული ოცნების” სხვა ხელმძღვანელებისაც”,- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ 2021 წლის არჩევნებს დააკვირდა ეუთო/ოდირი და საბოლოო დასკვნაც დადო, ახლა რატომ არ შეიძლება მოიწვიონ, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„2021 წლის არჩევნებზე თვისობრივად სხვა სიტუაცია იყო, არ იყო ისეთი მწვავე, როგორიც ახლაა. ახლა განსხვავებულ სიტუაციას ვხედავთ, ერთი ის, რომ ეუთო/ოდირი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, საქართველოს არჩევნების აღიარება უჭირს, რაც დადასტურდა კიდეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციაში. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ხელისუფლება ხედავს, რომ ასეთ პირობებში ეუთო/ოდირის მოწვევა და მის მიერ კიდევ ასეთი ორაზროვანი დასკვნის დაწერა დამატებით არეულობას და დესტაბილიზაციას შეუწყობდა ხელს”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

საკითხზე, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან, მათ შორის ეუთო/ოდირი, ლეგიტიმაციის საკითხი უფრო გაჭირდება თუ არა, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ „შეიძლება ეუთო/ოდირი არ იყოს, მაგრამ ჩამოვიდნენ სხვა სადამკვირვებლო ჯგუფები, თუნდაც იგივე ევროპის ქვეყნებიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ამ არჩევნებზე ეუთო ოდირის არმოწვევა, თავად ორგანიზაციის პოზიციითაა გამოწვეული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ”.

დამატებით კითხვაზე, რამდენად შეიძლება ვიხილოთ დამკვირვებლები ევროპის ისეთი ქვეყნებიდან, რომელთა ხელისუფლება „ოცნებასთან” დაახლოებულია, მაგალითად უნგრეთიდან, ანჯაფარიძე „სავსებით არ გამორიცხავს, რომ ასე მოხდეს”.

„გარდა ამისა, ევროპაში არიან სხვა, შეიძლება ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება თავიანთი დელეგაციები მოავლონონ”, – თქვა ანჯაფარიძემ.

„წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირმა თავის დასკვნა დაწერა და ეუთო/ოდირი გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ მათ მოწვევაზე.

„პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე”, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყნის ინტერესებს.

„ნაცმოძრაობის” გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას”, მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც”, – განაცხადა კობახიძემ.