პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა დასავლეთის მტრად ყოფნა აირჩია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვმა დასავლეთის მტრად ყოფნა აირჩია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთს არ სურდა რუსეთის მტრად ყოლა.

„უმჯობესია მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრება, მაგრამ თუ მეზობელი თავს დაესხმება ჩვენს გვერდით მყოფ სხვა მეზობელს, ამას შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ რუსეთი ჯაშუშობს, გვემუქრება, მათ შორის ბირთვული იარაღით, მაშინ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ის დასავლეთის მტერია“.

„მას, ასევე, აქვს ფაშისტური, იმპერიული რიტორიკა – ასე აჩვევს ის მთელ საზოგადოებას აგრესიას, ამიტომ ჩვენ გვაქვს მიზეზები, რომ გვეშინოდეს რუსეთის“, – დასძინა სიკორსკიმ.

ამავდროულად, მან დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით.

„კარგია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იწყებს იმის თქმას, რასაც ევროპელი ლიდერები მას ექვსი თვის განმავლობაში ეუბნებოდნენ, მაგრამ ნამდვილი გამოცდა იქნება, მიიღებს თუ არა შეერთებული შტატები სანქციების ახალ პაკეტს (რუსეთის წინააღმდეგ)“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.