2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 100 000 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის არმიის დანაკარგები უფრო დაბალია,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ტრამპის ნომერ პირველი ინტერესია შეაჩეროს სიკვდილი და ნგრევა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, მაგალითად, მიმდინარე წლის იანვრიდან რუსულმა მხარემ 100 000 ჯარისკაცი დაკარგა – დაჭრილებზე კი არა, დაღუპულებზე ვსაუბრობ. უკრაინის მხარეს კი ეს რიცხვი უფრო მცირეა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი“, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ დასძინა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს ომები, რადგან მათ „ფულისა და სიცოცხლის ფლანგვად“ მიიჩნევს. ამიტომ, მას ომების დასრულება სურს.
რუბიოს თქმით, ტრამპი გეგმავს ყველაფრის გაკეთებას უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ომის დასასრულებლად.
„ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხებს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ ცხადია, ჩვენ ასევე, იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ შევძელით მეტი პროგრესის მიღწევა. ვიმედოვნებთ, დღევანდელი და მომდევნო დღეების მიხედვით, უფრო მეტი სიცხადე გვექნება იმის შესახებ, თუ რა არის რუსეთის პოზიცია და პრიორიტეტები ამ მხრივ და ჩვენ შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.