აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე განაცხადა.
მან ასევე გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურზე კელოგთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოც.
„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება – განსახილველი მრავალი თემაა“, – ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას – „მშვიდობა ძალის მეშვეობით“.
როგორც თავად კელოგმა გასულ კვირას განაცხადა, მისი უკრაინაში ვიზიტი ერთკვირიანი იქნება.