გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპას უკრაინისთვის სამზე მეტი Patriot-ის სისტემის დაფინანსება შეუძლია

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ამჟამად ევროპაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ისგან უკრაინისთვის „სამზე მეტი“ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესახებ. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებას The Guardian ციტირებს.

გერმანია, Patriot

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანია ორ სისტემას შეიძენდა, ხოლო ნორვეგია – ერთს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, „ევროკავშირის პერსპექტივიდან გამომდინარე, მოლაპარაკებები უკრაინისთვის სამზე მეტი „პეტრიოტის“ სისტემის მიწოდებას ეხება“.

„ამჟამად მიმდინარეობს განხილვები განხორციელების ვადებთან დაკავშირებით, ანუ, რამდენი სისტემა იქნება, ვინ გადასცემს მათ და როგორ დაფინანსდება ისინი“, – აღნიშნა მან, რითაც მიანიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის ვაშინგტონში ვიზიტზე. აღსანიშნავია, რომ პისტორიუსი დღეს, 14 ივლისს, პენტაგონში თავის ამერიკელ კოლეგას პიტ ჰეგსეთს შეხვდება.

მან ასევე დასძინა, რომ გერმანია ხედავს „რუსული ჯარების უფრო დიდ კონცენტრაციას“ და აღნიშნა, რომ საპასუხოდ „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“.