გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 30%-იანი ტარიფების დაწესება გერმანიის ეკონომიკისთვის „დამანგრეველი დარტყმა“ იქნება, თუ სავაჭრო დავის გადაწყვეტა უახლოეს კვირებში არ მოიძებნება.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს არ მიიღებს, ვიდრე საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა არსებობს.
მერცის თქმით, თუ ტარიფები 1-ელ აგვისტოს ამოქმედდება, გერმანიის მთავრობა, შესაძლოა, იძულებული გახდეს, ზოგიერთი ეკონომიკური ღონისძიება გადადოს.
„ეს გერმანიის საექსპორტო ინდუსტრიას გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს“, – აღნიშნა მან.
მერცმა განაცხადა, რომ ის მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ლიდერებთან, რათა თავიდან აიცილოს ასეთი მასშტაბის ტარიფების შემოღება.
„ამისთვის ორი რამ არის საჭირო: ერთიანობა ევროკავშირში და კარგი კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტთან“, – დასძინა კანცლერმა.
კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა გერმანია აშშ-ის წინააღმდეგ ევროპულ საპასუხო ზომებს, მერცმა უპასუხა: „დიახ, მაგრამ არა 1-ელ აგვისტომდე“.
კანცლერმა განაცხადა, რომ შაბათ-კვირას ინტენსიურად განიხილა საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ხოლო პარასკევს ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.
„ჩვენ გვინდა, რომ პირველ აგვისტომდე პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ გამოსავლის მოსაძებნად. მე ამის ერთგული ვარ“, – ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.