ზელენსკი უკრაინაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისა და დადებითი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა Facebook-ზე განაცხადა, მას „პროდუქტიული საუბარი“ ჰქონდა უკრაინაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი და კიტ კელოგი

„ჩვენ განვიხილეთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ის, თუ რა შეგვიძლია პრაქტიკულად ერთად გავაკეთოთ მის დასაახლოებლად. ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ერთობლივი წარმოება და თავდაცვითი იარაღის შესყიდვა ევროპასთან ერთად. და რა თქმა უნდა, სანქციები რუსეთისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ცხადია, რომ მოსკოვი არ გაჩერდება, თუ მისი არაადეკვატური ამბიციები ძალის გამოყენებით არ შეჩერდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალებისა და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენ ვაფასებთ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ.