რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და აანალიზებენ.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპის ზოგიერთი განცხადება პირადად ვლადიმერ პუტინისთვის იყო განკუთვნილი.
კრემლის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნებსა თუ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის არა მშვიდობის გზავნილი, არამედ ომის გახანგრძლივების წახალისებაა.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებს მეორად სანქციებს დაუწესებს.