ტრამპი: თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, საქმე ძალიან ცუდად იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უნდა შეუტიოს მოსკოვს, ხოლო რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უნდა დათანხმდეს 50-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სანქციები დაეკისრება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, წერს Reuters.

დონალდ ტრამპი

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც Financial Times-მა დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ღრმა დარტყმების გაძლიერებისკენ პირადად მოუწოდა.

„არა, მან მოსკოვს არ უნდა შეუტიოს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეზოში, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა შეუტიოს თუ არა ზელენსკიმ რუსეთის დედაქალაქს.

ტრამპმა განმარტა, რომ მისი განცხადების შემდეგ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა აღიარა, რომ შეთანხმებას შესაძლოა, 50 დღეზე მეტი არ დასჭირდეს. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა არ თქვა, იგეგმება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან შეთანხმების დასადებად.

„თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, საქმე ძალიან ცუდად იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, როდესაც ტრამპს ჰკითხეს, ვის მხარეს იყო, მან უპასუხა: „მე არცერთ მხარეს არ ვარ“, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ის „კაცობრიობის მხარეს“ არის, რადგან მკვლელობების შეჩერება სურს.