პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1981 წელს დაბადებული რ.ბ. და 1975 წელს დაბადებული ა.ჩ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ. თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ყაჩაღურად თავს დაესხა ავტომობილში მსხდომ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს – 2000 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ა.-ს. თავდამსხმელმა მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თანხას, ასევე, მ.ა.-ს დროებით სარგებლობაში არსებულ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარი სროლის შედეგად, ა.მ. ქვედა კიდურის არეში დაიჭრა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ ყაჩაღურ თავდასხმას ორგანიზება გაუწია და დაგეგმა, ბრალდებულის სახით დაკავებულმა ა.ჩ.-მ.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი და ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი ა.ჩ. და ყაჩაღური თავდასხმის შემსრულებელი რ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.