დიმიტრი პესკოვი – რუსეთმა გამოიმუშავა იმუნიტეტი და ადაპტირდა სანქციების მიმართ

რუსეთმა გამოიმუშავა იმუნიტეტი და ადაპტირდა სანქციების მიმართ, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ხელისუფლება გააანალიზებს სანქციების ახლა პაკეტს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მისი შედეგები.

„ჩვენ სანქციებისგან გარკვეული იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, ჩვენ ადაპტაცია მოვახდინეთ სანქციების პირობებში ცხოვრების მიმართ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირის სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს.

„ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ევროპის საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მსგავსი ცალმხრივი შეზღუდვები უკანონოდ მიგვაჩნია , გამოვდივართ მათ წინააღმდეგ”, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, ევროკავშირის დამტკიცებული სანქციების მე-18 პაკეტი ერთ-ერთი უმკაცრესია, რაც აქამდე რუსეთის წინააღმდეგ მიუღიათ.