“სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “ხელისუფლება ჩამოიშლება”… ეს არის ფერადი რევოლუციების რეცეპტების­ შემადგენელი ნაწილი” – რამაზ საყვარელიძის ანალიზი: რა მოხდება უახლოეს თვეებში?!

“ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ ყველა მოვლენას კითხვები და ეჭვები ახლავს, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს”, – ამბობს ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე ამბები მსოფლიოში განვითარებული პროცესების თანამდევია… ­­

– დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორები თავიანთ რეკომენდაციებში პირდაპირ წერენ, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების დისკრედიტაცია უნდა მოხდეს და ხელისუფლება ჩამოიშალოს. შემთხვევითი­ არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “ხელისუფლება ჩამოიშლება”. ეს არის ფერადი რევოლუციების რეცეპტების­ შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამიტომ, თუ ახლა ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავა, ამას აუცილებლად მოჰყვება შემდეგი რაუნდი. მელიას საქმესაც შეგახსენებთ – როგორც დაუთმეს, სამაჯური მოიხსნა და პოლიციას ესროლა. ასე რომ, ეს არის ბრძოლა, სადაც მცირე დათმობაც კი სისუსტის გამოვლინებად ითვლება. სწორედ ამიტომ გამკაცრდა ხელისუფლების პოლიტიკა.

– ჩანს, ხელისუფლების პოლიტიკა გუნდშიც გამკაცრდა – საკადრო გადაადგილებებს ძალოვან უწყებებში მოჰყვა რამდენიმე პირის დაპატიმრება, ამასთან, ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობაც სცადა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება მმართველ გუნდში?

– ის, რაც ყველა ქვეყანაში – კორუფცია. საინტერესო ის არის, რომ ცოტა ხნის წინ ოპოზიციური მედია რიჟვაძის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა, დღეს კი თავად რიჟვაძის მსხვერპლად გამოყვანას ცდილობენ.

– მაგრამ როდესაც მედია რიჟვაძის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა, მმართველი გუნდი ყველაფერს უარყოფდა და მედიას სიცრუის ტირაჟირებაში სდებდა ბრალს…

– არავინ ამბობს, რომ ხელისუფლება­ ანგელოზია, მაგრამ არც ის ოპოზიცია ვარგა, რომელიც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს. დღეს რომელი ოპოზიციური ძალა შეგვიძლია ხელისუფლებაში წარმოვიდგინოთ? მაგალითად, “ნაცმოძრაობა”? განა ამ პოლიტიკური ძალისთვის კორუფცია უცხოა?

როდესაც ქვეყანაზე უცხო ძალების შეტევაა, ნებისმიერი კორუფციაში გარეული თანამდებობის პირი ხელისუფლების სუსტი წერტილი ხდება. კორუმპირებული პირის დაშანტაჟება მარტივია. კორუფციის მინიმუმამდე შემცირება ახლა “ქართული ოცნებისთვის” სასიცოცხლოდ აუცილებელია. აი, ამიტომაც დაიწყო გუნდში ხელების გადაგრეხის პროცესი.

 როგორ შეიცვლება “ქართული ოცნების”­ ამომრჩევლის განწყობა, როდესაც დამნაშავეებად წარმოუდგენენ პირებს, რომლებიც­ მანამდე სამაგალითო ფიგურებად და პროფესიონალებად მიიჩნეოდნენ? მაგალითად, გიორგი გახარია, რომელიც “სუპერმინისტრად” მოიხსენიებოდა, დღეს ქვეყნის ღალატშია ბრალდებული.

– ჩვეულებრივ ურთიერთობებშიც ხომ ასე ხდება? იგივე სურათი ხომ უკვე ნანახი გვაქვს “ნაცმოძრაობის” დროს?!

– დიახ, სწორედ ამიტომ გაუშვა ხალხმა­ ხელისუფლებიდან “ნაცმოძრაობა”.

– რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, “ნაცმოძრაობა” დღემდე იქნებოდა ხელისუფლებაში. მანამდეც გამოჩნდა ზოგიერთი ფიგურა, მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე, მაგრამ სააკაშვილს ვერ აჯობა. ხალხს სურდა ცვლილება, მაგრამ არ ჰყავდა­ ლიდერი, რომელსაც საკმარისად ენდობოდა. ივანიშვილმა ეს ნდობა მოიპოვა და სწორედ ასე შეძლო სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. კორუფცია და ურთიერთანგარიშსწორება მაშინ იყო, თუ იყო. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე განა ყველა კითხვას გაეცა პასუხი? ამ ყველაფრის ფონზე მიმაჩნია, რომ

კორუფციაზე საუბარი მხოლოდ “ქართული ოცნების” მიმართ გადა­ჭა­რბებული და არარელევანტურია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იგნორირდება ის ფაქტი, რომ კორუფცია არსებობს ყველგან – ევროკავშირში, ამერიკაში და ეს პრობლემა აქტუალური იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც.

– რამდენად რეალურია ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა და ახლა მისივე ჩინოვნიკების მიერ ქვეყნის ბიუჯეტიდან მითვისებული თანხების ამოღებას ცდილობს?

– სრული აბსურდია. შეიძლება ვიღაცამ გამოიყენა თავისი პოზიცია და რაღაც მოიპარა, მაგრამ ადამიანი, რომელსაც 5 ან 7 მილიარდი აქვს, 500 მილიონისთვის თავს არ შეიწუხებს.

უბრალოდ, ქვეყანა ახლა დიდ საერთაშორისო ზეწოლას განიცდის და ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია შიდა წესრიგის დამყარება, ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედია ამას ხელს უშლის.

– ოპოზიციურ ველზე არსებულ ვითარებაზე რას იტყვით, რა ლოგიკას ხედავთ იმაში, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს ბოიკოტის მომხრეები დაუპირისპირდნენ?

– ოპოზიციური სპექტრი ორად არის გაყოფილი – მონაწილეობის მომხრეებად და ბოიკოტის მქადაგებლებად. გარკვეულ­წილად ამას ხელი დასავლეთმა შეუწყო: ერთი მხრივ, მოწოდებები გაისმის არჩევნებში ჩართვისკენ, მეორე მხრივ კი ბოიკოტის იდეაც ფიქსირდება.

არ არის გამორიცხული, დასავლეთის სტრატეგია გულისხმობდეს ოპოზიციური წნეხის ორი მიმართულებით განხორციელებას: ინსტიტუციური ბრძოლით – ანუ პარლამენტში შესვლით და პარალელურად ქუჩიდან ზეწოლით. ეს მოდელი კარგად ნაცნობია პოსტსაბჭოთა პოლიტიკაში, სადაც ქუჩა ხშირად გამოიყენება პოლიტიკური წონასწორობის შესარყევად.

გია ჭანტურიას მაგალითიც მახსენდება – როცა ამბობდა, ნაწილი უნდა შევიდეს პარლამენტში, ნაწილმა ქუჩიდან იმოქმედოსო.

– თქვენი აზრით, ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის ემზადება და ბანაკებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ფორმალობაა?

– ეს უფრო სცენარია, ვიდრე რეალური კონფლიქტი. დროთა განმავლობაში ეს უფრო ცხადი გახდება – ნაბიჯები, რაც აქამდე ოპოზიციამ გადადგა, მიანიშნებს საერთო სტრატეგიაზე და არა დაპირისპირებაზე.

წაიკითხე ვრცლად