Financial Times: ტრამპი ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-20%-იანი მინიმალური ტარიფის დაწესებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მოთხოვნები გაამკაცრა და ბრიუსელთან ნებისმიერ შეთანხმებაში 15-20%-იანი მინიმალური ტარიფის დაწესება დაჟინებით მოითხოვა. ამის შესახებ Financial Times-მა სამი ინფორმირებული წყაროსგან შეიტყო.

დონალდ ტრამპი

როგორც FT წერს, ტრამპის პოზიცია მინიმალური ტარიფის ამჟამინდელი 10%-დან გაზრდის თაობაზე მიზნად ისახავს ევროკავშირის ტოლერანტობის ზღვრის შემოწმებას სავაჭრო შეთანხმებაზე კვირების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ.

გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უარყო ევროკავშირის უახლესი წინადადება ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ და მზადაა, ისინი 25%-ის დონეზე შეინარჩუნოს, როგორც დაგეგმილი იყო.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა FT-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად განიხილავს ევროკავშირთან ორმხრივი ტარიფების დაწესებას, რომლებიც 10%-ს გადააჭარბებს, მაშინაც კი, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება.

ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ტარიფები ევროპულ საქონელზე, სულ მცირე, ისეთივე მაღალი იქნება, როგორც აპრილში სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებისას იყო.

ევროკავშირის დიპლომატებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ბრიუსელი საპასუხო ზომებისთვის ემზადება. საუბარია 21 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის ქათმის ხორცსა და ჯინსებზე, ტარიფების დაწესებაზე, რომელიც ძალაში 6 აგვისტოს უნდა შევიდეს, ასევე, 72 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის Boeing-ის თვითმფრინავებსა და ბურბონზე.

პარალელურად ევროკომისია აშშ-ის მომსახურების სექტორში ზომების მესამე ნაკრებს ამზადებს, მათ შორის, ამერიკული კომპანიების ციფრულ მომსახურებაზე გადასახადებს და ონლაინ რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იანი ტარიფები ამოქმედდება.