რუსეთის სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანტონ გორელკინმა განაცხადა, რომ მესენჯერმა WhatsApp-მა რუსული ბაზარი უნდა დატოვოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„მესენჯერი, რომელიც ექსტრემისტულ ორგანიზაციას, Meta-ს ეკუთვნის, დიდი ალბათობით მოხვდება არამეგობრული ქვეყნების პროგრამული უზრუნველყოფის სიაში და მასზე შესაბამისი რეგულაციები გავრცელდება, რაზეც რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის დავალებით მუშაობს“, – დაწერა გორელკინმა „ტელეგრამში“.
მისი ცნობით, WhatsApp-ს ყოველდღიურად რუსეთის მოსახლეობის 68% იყენებს, მეორე ადგილზე კი „ტელეგრამია“ – 55%. გორელკინს მიაჩნია, რომ „ტელეგრამი“, ამ სიაში, სავარაუდოდ, არ მოხვდება.
მისივე აზრით, WhatsApp-ის ადგილს რუსეთის ბაზარზე „ნაციონალური მესენკჯერი“, Max დაიკავებს. ის 2025 წლიდან ამოქმედდა და ამ მესენჯერს აქტიურად არეკლამებენ რუსი ბლოგერები. Max-ში არსებობს მესენჯერი, ჩატ-ბოტების კონსტრუქტორი, საგადამხდელო სისტემა და მინი-აპლიკაციები.
რუსეთში WhatsApp-ის მუშაობის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დღეს ეს „პოპულარობით ნომერ პირველი მესენჯერია“ და ყველაფერი „კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს“.