ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები უარყოფითად მოქმედებს პეკინსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებზე. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კერძოდ, საუბარია მოსკოვის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტზე, რომელიც ევროკავშირმა 18 ივლისს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით მიიღო.
„ევროკავშირის ქმედებები ეწინააღმდეგება ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს და სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და ფინანსურ თანამშრომლობაზე“, – განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს პეკინში.
ბრიუსელის შეზღუდვები რუსული „ჩრდილოვანი“ ფლოტის 105 ტანკერს შეეხო. რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 47,6 დოლარამდე შემცირდა. სანქციების სიაში, ასევე, ორი ჩინური ბანკი, Heihe Rural Commercial Bank და Heilongjiang Suifenhe Rural Commercial Bank, მოხვდა. ევროკავშირის ინფორმაციით, ეს ფინანსური ინსტიტუტები კრიპტოვალუტის ოპერაციებით იყვნენ დაკავებულნი, რაც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობას ძირს უთხრიდა.
ამასთან, სანქციების პაკეტით 26 ორგანიზაცია დაემატა იმ სუბიექტების სიას, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ან მონაწილეობენ სანქციებისგან თავის არიდებაში. ამ სუბიექტებიდან შვიდი ჩინეთსა და ჰონგ-კონგშია დაფუძნებული.
საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად მოუწოდა ევროპულ მხარეს, „არ დაარღვიოს ჩინური კომპანიების ლეგიტიმური ინტერესები ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე“. ჩინურ და რუსულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა არ უნდა „დაირღვეს, ან შეირყეს“, დასძინა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა 24 ივლისს ჩინეთს ეწვევიან. დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან. ფონ დერ ლაიენი და კოშტა დაესწრებიან ჩინეთ-ევროკავშირის 25-ე სამიტს, რომელიც პეკინსა და ბრიუსელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ბრიუსელის ცნობით, სი ძინპინთან შეხვედრა მიეძღვნება „ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს და მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის ომს უკრაინაში“, ხოლო ლისთან მოლაპარაკებების დროს განიხილავენ „ურთიერთობების სავაჭრო და ეკონომიკურ ასპექტებს“.