აშშ-ს შეუძლია, რუსეთის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს სარისკო „მეორადი ტარიფების“ გარეშეც დაარტყას, წერს Reuters-ის კომენტატორი სპეციალურ საკითხებში ჰუგო დიქსონი.
მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კრემლზე ზეწოლის უფრო ეფექტური ინსტრუმენტები აქვს, ვიდრე რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება.
„ტრამპს არ სჭირდება მეორადი ტარიფები მოსკოვის შემოსავლების შესამცირებლად, რომლებიც ამჟამად წელიწადში დაახლოებით 160 მილიარდ დოლარს შეადგენს“, – წერს დიქსონი.
ტრამპის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა რუსეთთან ვაჭრობის მქონე ქვეყნებიდან იმპორტზე 100%-იანი ტარიფების დაწესების შესაძლებლობის შესახებ ფინანსურ ბაზრებზე სკეპტიციზმი გამოიწვია. რუსეთში რუბლი და აქციები გაიზარდა, ხოლო ნავთობის ფასები დაეცა. დიქსონი წერს:
„ეს საპირისპიროა იმისა, რაც მოხდებოდა, თუ ინვესტორები ნამდვილად დაიჯერებდნენ, რომ ტრამპის განზრახვები სერიოზული იყო“.
რეალისტური მიდგომა
რადიკალური ზომების ნაცვლად, დიქსონი დიპლომატიურ სტრატეგიას გვთავაზობს: ინდოეთის დარწმუნება, შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა, ამავდროულად, საუდის არაბეთის წახალისება, გაზარდოს წარმოება მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდის თავიდან ასაცილებლად.
„ვაშინგტონს აქვს მნიშვნელოვანი დიპლომატიური არსენალი, რათა დელისთან და ანკარასთან მოლაპარაკება აწარმოოს მარაგების ხელსაყრელ ჩანაცვლებაზე“, – აღნიშნავს დიქსონი.
ფასების ლიმიტები და სანქციები „ჩრდილოვან ფლოტზე“
ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის შეძენის ზედა ზღვარი ბარელზე 47,60 დოლარამდე და აშშ-ს შეუძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეს. დიქსონის აზრით, თუ ინდოეთი და თურქეთი იძულებულები იქნებიან, შეწყვიტონ შესყიდვები, ფასის ლიმიტმა შეიძლება ბარელზე 40 დოლარსაც კი მიაღწიოს.
დიქსონი ასევე საუბრობს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ყველა გემის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მნიშვნელობაზეც, რაც ფასების შეზღუდვების დაცვაზე კონტროლის გაძლიერებას შესაძლებელს გახდიდა.
„პუტინი თავხედია, ამიტომ მისი ბიუჯეტის შემცირება შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა, თუ აშშ ნამდვილად გაზრდის უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას და ევროპა შეუერთდება რუსეთის გაყინული 300 მილიარდი დოლარის აქტივების გამოყენებას, კრემლი შეიძლება უკიდურესი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს“, – დაასკვნა დიქსონმა.