წუხელ ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც რიგ რეგიონებში პრობლემები შექმნა.
- ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა კურორტ “ლაშიჭალისკენ ” მიმავალ გზაზე დააზიანა ხიდი და ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.
“ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი უახლოეს პერიოდში სრულად აღმოიფხვრას.
ადგილზე არსებულ მდგომარეობას ეცნობიან და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხებები არ ფიქსირდება. უწყვეტი ელექტრომომარაგებით სარგებლობს ცაგერის მუნიციპალიტეტი, მათ შორის კურორტი “ლაშიჭალა” – წერია რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წუხელ, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში მეწყრის რამდენიმე კერა წარმოქმნა, დაზიანდა საავტომობილო გზები და ხიდები.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა ტურისტების ჯგუფი. თუმცა მალევე, უსაფრთხო ადგილას ისინი სამაშველო ჯგუფებმა გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ლენტეხიდან სოფელ მელემდე საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გახსნილია. მიმდინარეობს მუშაობა სოფელ მელედან ცანას მიმართულებით გზის გასახსნელად, თუმცა ტექნიკის მუშაობას მეწყრული კერები აფერხებს.
- ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური – ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა – ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა.
“ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე.საავტომობილო გზის გაწმენდა უახლოეს საათებში დასრულდება” – ავრცელებს ინფორმაციას ჩოხატაურის მერია.
- ადიგენის სოფელ გომაროში, ძლიერი წვიმის შედეგად წამოსული ღვარცოფი ადგილობრივების ეზოებსა და სახლებში შევარდა.
სტიქიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ლოდები ყრია ეზოებსა და ცენტრალურ გზაზე. ღვარცოფში მოჰყვა მიკროავტობუსი”, – წერს “სამხრეთის კარიბჭე”.
გამოცემის ცნობით, ღვარცოფის შედეგად, ერთი სახლი დაიტბორა, ადგილზე მუშაობს სამაშველო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით სახლებიდან გაიყვანეს.