დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა უფლებადამცველი აქტივისტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
საუბარია დაახლოებით 230 ათას გვერდზე. ეს მასალები 1977 წლიდან იყო გასაიდუმლოებული, მათ შორის არის სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის ლიდერზე გამოძიების ფედერალური ბიუროს თვალთვალის შესახებ დოკუმენტები.
გასაჯაროებული მასალა აშშ-ის ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მარტინ ლუთერ კინგის ორმა შვილმა გამოქვეყნებულ განცხადებაში დაგმო მამის მემკვიდრეობისთვის ძირის გამოსათხრელად ამ დოკუმენტების ნებისმიერი გამოყენების მცდელობა.
„ვთხოვთ ყველას, ვინც ჩართულია ამ ფაილების გამოქვეყნებაში, გააკეთონ ეს ემპათიით, თავშეკავებითა და პატივისცემით ჩვენი ოჯახის გლოვისადმი, რომელიც გრძელდება. ამ დოკუმენტების გამოქვეყნება უნდა იქნას განხილული სრულ ისტორიულ კონტექსტში. მამაჩვენი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად იყო ედგარ ჰუვერის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს საშუალებით ორკესტრირებული აგრესიული, მტაცებლური და ღრმად შემაშფოთებელი დეზინფორმაციისა და თვალთვალის კამპანიის სამიზნე“, – ნათქვამია მარტინ ლუთერ კინგის შვილების – მარტინ მესამის და ბერნისის განცხადებაში.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის განცხადებით, დოკუმენტები შეიცავს გამოძიების ფედერალური ბიუროს შიდა ჩანაწერებს, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აქამდე გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს, რომლებიც მარტინ ლუთერ კინგის მკვლელის ძებნას ეხება.
დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტის, ეროვნული არქივისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კოორდინაციით.
„ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს ჩვენი ერის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერის საშინელი მკვლელობიდან ათწლეულების შემდეგ,“ – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ.
მარტინ ლუთერ კინგი 39 წლის ასაკში, 1968 წლის 4 აპრილს მემფისში მოკლეს. მას იმ დროს ესროლეს, როდესაც ერთ-ერთი სასტუმროს აივანზე იდგა. მკვლელობის ბრალდებით 1969 წელს გაასამართლეს კრიმინალური წარსულის მქონე ჯეიმს ეარლ რეი, რომელმაც დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით აღიარება უარყო.
მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რეი 1998 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.