იტალია და „შესანიშნავი შვიდეული“ – ვინ ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას?

20 ოქტომბერია ის სავარაუდო თარიღი, როდესაც ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მანამდე 29-30 აგვისტოს ბლოკის წევრი ქვეყნის მინისტრები დანიაში არაფორმალურ ფორმატში სამიტს გამართავენ, სადაც შეჯამდება, როგორ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ გაგზავნილი რვა მოთხოვნა. მანამდე ცნობილი ხდება, რომ სანქციებს მინიმუმ რვა წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება. მათი „ვინაობა” არ მჟღავნდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით იტალია აქტიურობს.

როგორც დარგის სპეციალისტები „რეზონანსთან” ამბობენ, ვიზების ხელახლა შემოღებას, გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთისა, ეწინააღმდეგება ავსტრია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, და ზოგადად ეს თემა ბრიუსელში მაინცდამაინც პოპულარული არ არის.

„იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო [ვიზალიბერალიზაციის გაუქმების] წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს და ამრიგად, არაპროპორციული იქნება,” – წერს „რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიაში სათაურით „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს – მაგრამ რბილად მოქმედებს”.

მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ამასთან, ამ ეტაპზე სანქციები ან აქტიური ზომები, რაც კონსენსუსს მოითხოვს, არ განიხილება, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა ისინი თავიდანვე დაბლოკეს.

თავის მხრივ „ოცნების” განცხადებებიდან იკითხება, რომ მმართველი პარტია რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, „ბრიუსელმა ხალხის და ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით, უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, „ერთი მინუსი, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს, ეს არის მიგრაციის წახალისება – ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში, ჩვენი ბევრად მეტი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, სამუშაო ძალა გაიზრდებოდა”.

ვინ შეიძლება შედიოდნენ მოწინააღმდეგეთა რვიანში

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა მოწინააღმდეგეთა რვიანში შედიოდეს საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ავსტრია, უნგრეთი და სლოვაკეთი.

„სავარაუდოდ, შესაძლოა იყოს საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და ავსტრია. თავისთავად ამ რვიანში უნგრეთი და სლოვაკეთიც შედიან. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთხელ კიდევ შეაფასებენ, რომ პროცესებს ყურადღებას მიადევნებენ. სენსაციებს არ უნდა ველოდოთ, რომ „ქართული ოცნება” რამეს შეცვლის, ამის არ მგონია ბრიუსელს სჯეროდეს, ამიტომ უფრო მოსალოდნელია, რომ წამზომი ჩართონ, და მერე უკვე შეიძლება ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. ევროკავშირს თავისი განრიგი და კალენდარი აქვს, და მხოლოდ მაგაზე არ ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის სპეციალურად როდის შევიკრიბოთო, ასეთი ძალიან მნიშვნელოვანიც არ ვართ, უფრო ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი.

„როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ზუსტად არავინ არ იცის. წესით, 15 ქვეყანა მოიძებნება, რომლებმაც შეიძლება მხარი დაუჭიროს ვიზლაიბერალიზაციის გაუქმებას, ანუ საფრთხე არის და თუ უწინ ზოგადი საუბრები იყო, ახლა საქმე უფრო კონკრეტულადაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არაფერი არ იცვლება, უკვე ევროკავშირის პრესტიჟის ამბავია, რომ არაფერი არ გააკეთოს”, – განაცხადა კაკაჩიამ.

„რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი იოზვიაკის მიერ ნათქვამ რვიანში არ არიან, რადგან „რადიო თავისუფლების” წყაროს მიერ დასახელებული ქვეყნები, წინააღმდეგობის პარალელურად, „ოცნების” დასანქცირების მომხრენიც არიან, მმართველი პარტიის დასანქცირებას კი არ ეთანხმება არც ბუნდაპეშტი და არც ბრატისლავა.

აბაშიძის თქმით, საერთო ჯამში, მინიმუმ ათი ქვეყანა გამოდის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგ.

„ვფიქრობ უნგრეთი და სლოვაკეთი ამ რვიანში არ არიან, ისინი ნებისმიერ სანქციას ეწინააღმდეგებიან, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლებაზე, თუ უბრალო მოქალაქეებზე. ის რვიანი, რომელიც ბრიუსელის არაოფიციალურ სპიკერს რიკარდ იოზვიაკს გაახმოვანებინეს, რომელიც რატომღაც ყოველთვის სანდო კულუარულ ინფორმაციას ფლობს, მიანიშნებს, თუ რა განხეთქილებაა ევრობლოკში საქართველოს მოქალაქეების უნამუსო დასანქცირების გეგმაზე.

„ის ქვეყნები, რომლებიც მან ახსენა იტალიის მეთაურობით, ამაში არიან თუ არ ვცდები ავსტრია, საბერძნეთი, კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელთა მყარი პოზიციაა, რომ თუ ჰიპოთეტურად ესა თუ ის ხელისუფლება დამნაშავეა ანტიდემოკრატიულ კურსში, საზოგადოებამ და მისმა ამომრჩეველმა ამ მიმართულებით არაფერო დააშავა და უდიდესი დისკრიმინაცია იქნება იმ ხალხის მიმართ უვიზო რეჟიმის შეჩერება, რომლებიც სავარაუდო სანქციების გამო დაზარალდებიან.

„ეს რვა ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების ჩინოსანთა დასანქცირებას არ ეწინააღმდეგება, მათ კიდევ უფრო გაფართოება უნდათ ამ სიის, იქნება ეს მოსამართლეები, პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები – აი, ამ მოტივაციიდან გამოდიან.

„იოზვიაკს არ უთქვამს, თუმცა 15 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე არაოფიციალური ინფორმაცია გამოვიდა, უკვე სხვა წყაროებიდან, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აცხადებდა, თუ ევროკავშირი ქართველ ხალხს დაასანქცირებს, ეს პირდაპირ უბიძგებს ქართულ საზოგადოებას, რომ ჩრდილოეთისკენ გაიხედოს, ეს კი ევროკავშირის ინტერესებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

„საერთო ჯამში, შეიძლება გამოვიდეს ათი ქვეყანა, ან კიდევ უფრო მეტი, რომელიც თავს შეიკავებს და თავშეკავება არც წინააღმდეგობაა და არც მხარდაჭერა, შესაბამისად, ამ უვიზო მიმოსვლის მექანიზმის ჩართვა რომელიც სავარაუდოდ შეიძლება დაიწყოს 20 ოქტომბრის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებიდან, რაც დიდად სათუოა, გულისხმობს მინიმუმ 15 წევრი ქვეყნის თანხმობას. ამ მოცემულობიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ ეს 15 ხმა ვერ შეიკრიბება ევრობლოკში იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად უსამართლო იქნება ბრიუსელის მიერ ნაკარნხევი გადაწყვეტილება, ხალხი დაასანქცირონ, მაგრამ ამას თავის შავბნელი ლოგიკა აქვს, ეს იმისთვისაა, რომ საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირდეს.

„თავად იოზვიაკის სტატიიდანაც ჩანს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ევროკრატიამ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ვერ შეძლო, როგორც მანვე დაანონსა, 20 ოქტომბერს იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების საქმიანი შეხვედრა. მანამდე, არაფორმალური იქნება, მაგრამ საქმიანი, რომელიც ყველა საკითხთან ერთად, საქართველოს შენგენის ზონაში მიმოსვლის საკითხი განიხილება, ეს იქნება 20 ოქტომბერი.

„ამ გადაწყვეტილებით, ე.წ. შავი ჯოკერი გამოეცალა ხელიდან რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ინსინუაციების ტირაჟირებას დაიწყებდა, რომ კარს მომდგარ არჩევნებამდე უვიზო მიმოსვლა შეწყვიტეს და რაღაც საპროტესტო ტალღის აგორებას შეეცდებოდა, ეს კოვზიც ღრმა ნაცარში ჩაუვარდათ.

„აქ კიდევ ერთი ძაღლის თავია ჩამარხული, რასაც ჰქვია ბალტიის, პოლონეთის და საფრანგეთის წარმომადგენელთა 15 ივლისის შეკრებაზე განცხადებები, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს და შედეგებიდან გამომდინარე, განცხადებებს გააკეთებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, კიდევ უფრო მეტად დაასანქცირონ თუ არა საქართველო. ეს პირდაირი გაგებით იმ სცენას ნიშნავს, რაც შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო, ანუ მათთვის არასასურველი „ქართული ოცნების” უდიდესი გამარჯვების მოუხედავად, ისე ის ძველი ფირფიტა დატრიალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, ვითომ გაჟონა და ა.შ.”- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან”.

რას წერს რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით „რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს”.

„თუმცა, ევროკომისიამ თბილისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საბოლოო ვადა, საქართველოს მთავრობა შეიცვლის თუ არა კურსს და რამდენად სერიოზულია ბრიუსელის ნება, რომ იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეიცვლის?” – წერს იოზვიაკი.

მისი თქმით, შეხვედრაზე თავიდანვე ნათელი იყო, რომ სანქციები, ორი ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და მიმოსვლის აკრძალვა არც კი განიხილებოდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერდნენ.

„გასაკვირია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვის დაწყების არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. რეალური შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ მინისტრები ამ საკითხს ოქტომბერში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრის დროს დაუბრუნდნენ. ასე რომ, თბილისზე ზეწოლის განხორციელების დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის გასააქტიურებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა გახდება საჭირო”, – აღნიშნავს ავტორი.

იოზვიაკი წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით „მსგავსი უმრავლესობა ჩნდება, თუმცა წევრებს შორის საკითხი არაპოპულარულია”.

„იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს და ამრიგად, არაპროპორციული იქნება.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაოფიციალურ შეხვედრას დანიაში 29-30 აგვისტოს გამართავენ, ხოლო სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კვლავ შეხვდებიან, თუმცა მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც შესაძლებელია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების იქნეს მიღებული, 20 ოქტომბერს გაიმართება.

„როგორც ჩანს, წევრ სახელმწიფოებს ურჩევნიათ, ვიზების შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროკომისიის შემდეგ ანგარიშს დაელოდონ, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი, ან წლიური გაფართოების ანგარიშებს, რომლის გამოქვეყნებასაც კომისია წლის ბოლოს გეგმავს და რომელშიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნების წინსვლა იქნება შეფასებული.

„როგორც მინისტერიალმა აჩვენა, როცა კონსენსუსი არ არსებობს, ბრიუსელი, როგორც წესი, ცდილობს დრო მოიგოს და გადაწყვეტილების მიღება გადადოს”, – წერს იოზვიაკი.