2025 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოში რიგი ცვლილებების ამოქმედება იგეგმება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ყველა იმ სიახლეს, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე დღეში შევა ძალაში.
რა ცვლილებები, ამოქმედდება 1-ლი აგვისტოდან
თბილისში საათობრივი პარკინგი დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება
1-ლი აგვისტოდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებითი საპარკინგე ადგილები გამოიყოფა. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
„მთაწმინდის რაიონში სულ 596 პარკირების ადგილია განსაზღვრული. ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.
ვაზისუბანში 160 საპარკინგე ადგილი მოეწყობა ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე; დიდ დიღომში 324 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 160 ადგილი იქნება, ხოლო ბაგებში – ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე 100 ადგილი გამოიყოფა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
„მაგთი“ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს აძვირებს
„მაგთი“ 1-ლი აგვისტოდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებს ზრდის. კომპანიაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სახლის ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ და გააქტიურებული აქვთ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი.
როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში აგვისტოდან 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტების ღირებულება 3 ლარის ფარგლებში იზრდება.
აღსანიშნავია, რომ „მაგთის“ მიერ აღნიშნული ტიპის ინტერნეტის გაძვირებას გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც (ComCom) და განმარტა, რომ გაძვირებული ტარიფები თითქმის ნახევარ მილიონ მოქალაქეს შეეხება. ComCom-ი იქვე აღნიშნავს, რომ „მაგთიკომის“ მიერ ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს“.
გაზრდილი ტარიფების პირობებში, თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „მაგთიკომი“ არცერთ აბონენტს არ დაკარგავს, ComCom-ის დაანგარიშებით, კომპანია ყოველთვიურად 1 159 874 ლარს მიიღებს, რითაც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13 918 485 ლარით გაიზრდება.
1-ლი აგვისტოდან პირადობის მოწმობები განახლებული დიზაინით იქნება
ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა იწყება. იუსტიციის სამინისტროს მიერ 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1-ლი აგვისტოდან გაიცემა განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ბიომეტრიული პასპორტი, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტი და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტი, ასევე, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობები და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა.
ცვლილებების თანახმად, განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია, მფლობელის თითის ანაბეჭდს.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი დიზაინის პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტებზე დატანილი უნდა იყოს მფლობელის: სახელი; გვარი; მოქალაქეობა; დაბადების თარიღი; პირადი ნომერი; ფოტოსურათი; სქესი; დაბადების ადგილი; პირადი ხელმოწერის ნიმუში; გაცემის თარიღი; მოქმედების ვადა; გამცემი ორგანოს დასახელება; დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითება; ქვეყნის კოდი; დოკუმენტის ნომერი და წვდომის კოდი (CAN – Card Access Number).
1-ლი აგვისტოდან მოქალაქეთა ნაწილი 750 ათასამდე ლარის სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებს
1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. ასე რომ, აღნიშნული პირები უცხოურ ვალუტაში სესხს ვეღარ აიღებენ.
ცნობისთვის, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, ბოლო ცვლილებებით კი მაქსიმალური ზღვარი 750 ათას ლარამდე იზრდება.
თბილისი-მუმბაის შორის პირდაპირი ფრენები იწყება
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ მიმართულებებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან – მუმბაიდან შეასრულებს.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ მუმბაი – თბილისი – მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება.