რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად სტამბოლში გაემგზავრა – რუსული მედია

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვიდან სტამბოლში გაემგზავრა. ამის შესახებ „ტასი“ იტყობინება.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში

„ისინი უკვე გაემგზავრნენ“, – უთხრა წყარომ რუსულ მედიას.

რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს სტამბოლში გაიმართა და დასრულდა „1000 1000-ის“ ფორმატით სამხედრო ტყვეების გაცვლაზე და კრიზისის დაძლევის ასპექტებთან დაკავშირებით მხარეების მიერ მემორანდუმების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებით.

განახლებული პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ასევე, სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. მხარეები მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში 14 ადამიანი იქნება და მათ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.