წვიმების გამო, ხორბლის მოსავლის აღება ერთი თვით გადავადდა, აქედან გამომდინარე, ქართულმა ხორბალმა ვერ მოასწროს იმპორტის ჩანაცვლება, – ასე ხსნის საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ხორბლის რეკორდულ იმპორტს.
„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში 47.88 მლნ დოლარის ხორბალი და მესლინი (სულ 184 118 ტონა) შემოვიდა. ამაზე მეტი ღირებულების ხორბალი ქვეყანამ ბოლოს 2018 წელს იყიდა. კერძოდ, მაშინ იმპორტირებული იყო 53.25 მლნ დოლარის მარცვლეული (ჯამში 271 798 ტონა).
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთწლიან ჭრილში ხორბლის იმპორტი გაზრდილია 74%-ით. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ ნახევარში თუ 47.88 მლნ დოლარის ხორბალი ვიყიდეთ, 2024 წლის იმავე პერიოდში 27.57 მლნ დოლარის (ჯამში 114 291 ტონა) მარცვლეული შემოვიდა ქვეყანაში.
„ხორბლის იმპორტის რეკორდული ზრდა შესაძლოა, გამოწვეული იყოს საქართველოში ხორბლის მოსავლის აღების დაგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ წვიმები იყო, შეფერხდა მოსავლის აღების პროცესი. შარშან ამ დროს უკვე აღებულ-ჩაბარებული იყო ხორბალი, წელს ჯერ ისევ შუა პროცესში ვართ – დაახლოებით, ერთი თვით გადმოიწია ხორბლის აღების პროცესმა.
იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ადგილობრივი მოსავალი ამ დროს უკვე შემოსული იყო, ქართული წისქვილკომბინატები, მეფრინველეობა და მეცხოველეობა გადართული იყო ქართული მოსავლის შესყიდვაზე, წელს რადგან ახალმა მოსავალმა ერთი თვით დააგვიანა, ვერ მოასწრო ქართულმა ხორბალმა იმპორტის ჩანაცვლება, შესაბამისად, ამ რაოდენობის პროდუქციის შემოტანა გაგრძელდა. შარშან ამ დროს ქართულ ხორბალს ვყიდულობდით და რუსული აღარ გვჭირდებოდა, წელს დაგვიანდა მოსავლის აღება. ვფიქრობ, როგორც კი დასრულდება ჩვენი ხორბლის აღება-ჩაბარება, სტატისტიკა მალევე დაბალანსდება“, – აცხადებს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ხორბლის იმპორტის ზრდა გამოიწვია, შესაძლოა, იყოს მეფრინველეობით და მეცხოველეობით დაკავებული კომპანიების მხრიდან მოთხოვნის ზრდა. სილაგავა ამბობს, რომ მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში მოხმარება გაიზარდა, რადგან ხორბლის ფასი სიმინდზე დაბალია.
„მეორე ფაქტორი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს საფურაჟე ხორბალთან. დღეს ხორბალი უფრო იაფია, ვიდრე სიმინდი, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არასასურსათო ხორბალზე მეფრინველეობას და მეცხოველეობას გაეზარდა მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ საბაჟოზე ხორბლის ყველა ხარისხი ტარდება ერთ კოდში, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება საყოფაცხოვრებო თუ საფურაჟე. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა, იყოს ის, რომ მეფრინველეობას და მეცხოველეობას მოხმარება გაეზარდათ“, – აღნიშნავს ლევან სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“.