გაცილებით დიდი რამ დევს სასწორზე: ადამიანების კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, არავინ ვართ დაზღვეული, რომ შვილი ავად არ გაგვიხდება და წაყვანა არ დაგვჭირდება – ეს კარგად იცის სახელმწიფომ და უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ჩერგოლეიშვილი გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „თუ ქართველ ადამიანს ეუბნები, შენი ღირებულებები განულებული იქნება და მხოლოდ მაშინ მოგცემ ვიზალიბერალიზაციას, რად უნდა იმ ადამიანს ვიზალიბერალიზაცია, ან სადმე წასვლა, თუ ქართველობა აღარ ექნება?!”.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ქართველობა და ქართული არის ის, რომ ადამიანის იდენტობას არავინ უნდა შეეხოს.
“კაცი ბეჩავის მჩაგრავი, სად გაგონილა გმირია” – ეს არის ქართული. ადამიანის იდენტობა არის მისი უძვირფასესი საუნჯე. ეს არის ილია ჭავჭავაძე, ის არის ვაჟა-ფშაველა, რომელია ვაჟა-ფშაველაზე და ილია ჭავჭავაძეზე დიდი ქართველი. ის, რომ თხა და მგელი ერთად უნდა ძოვდეს, ამას ამბობს რუსთაველი, ეს არის ქართული….
ქართული არის ის, რომ ბეჩავის მჩაგრავი არ შეიძლება გმირად ჩაითვალოს და ის, რომ ადამიანის იდენტობას არ უნდა შეეხო, როგორიც არ უნდა იყოს ის.
გაცილებით დიდი რამ დევს სასწორზე, ეს არის ადამიანების კეთილდღეობა, ადამიანების პირადი ინტერესები, შვილების ჯანმრთელობა. არცერთი არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ შვილი ავად არ გაგვიხდება და (ევროპაში) წაყვანა არ დაგვჭირდება იმ სამედიცინო სერვისებისთვის, რასაც აქ ვერ მოვიპოვებთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სამედიცინო სისტემა ისეთ დღეშია, მაგალითად, ონკოლოგიურ სერვისებს ადამიანები აქ ვერ იღებენ. უამრავი დარგია ისეთი, სადაც აქ სერვისს ვერ იღებ და გასვლა გიწევს. ეს ძალიან კარგად იცის სახელმწიფომ და უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას.
ნებისმიერს შეიძლება შეექმნას პრობლემა და მერე ირაკლი კობახიძე აუხსნის მათ, შენი შვილი ავად რომ არის, ვიზის რიგში იმიტომ დგახარ, გურამ მაჭარაშვილი არ დაორსულებულიყოო?”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, “პერსონალურ ლოიალობაზე აგებულ სისტემას ძირი ეთხრება”.
“ჩვენ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც ამ ყველაფერს ძირი ეთხრება. მე ამის ღრმად მჯერა და ხედავ ამ ყველაფერს. როდესაც ამ სისტემას კრიზისს უქმნი, პერსონალურ ლოიალობაზე აგებულ სისტემაში ყოველთვის ასეთი რაღაც ხდება შიგნით – ბიძინა ივანიშვილი ბევრ ფულს კარგავს ახლა და ამ დროს არარაობები, რომლებიც იქ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არსებობს, მაგალითად ირაკლი კობახიძე ჩვენი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხომ შანსი არ არის, ვერ გახდებოდა?! კობახიძე ცალკე თემაა, მაგრამ იქ არის ღარიბაშვილი, იქ არის ლილუაშვილი – ხალხი, რომელზეც ბიძინა ფიქრობს, რომ მან აქცია ისინი კაცებად, ამ დროს თვითონ ზიანდება, ესენი ჭმუნავენ და არ უნდათ ზიანის მიღება. ამ ყველაფერს რომ ატყობს, თავისთავად ანგრევს. მე მინახავს პერსონალურ ლოიალობაზე აგებული სისტემები როგორ ინგრევა, ჩვენ გამოვედით ასეთი პარტიიდან, “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომელმაც გააგრძელა ეს ყველაფერი. მინახავს კეზერაშვილის აგებული სისტემა, რომელიც მის ახირებებზე იყო აგებული და ვინც მას უნდოდა, ის უნდა დარჩენილიყო პოლიტიკაში და ვინც არა და ფულის სანაცვლოდ უნდა გაწეულიყო, ისიც როგორ ჩამოინგრა. იგივე ემართება ბიძინა ივანიშვილის სისტემასაც, უბრალოდ სხვაზე მეტი გაძლო იმიტომ, რომ მიტაცებული აქვს სახელმწიფო და სისტემა უპყრია ხელთ და ეს აძლებინებს, მაგრამ გარდაუვალია, ჩვენ თუ გავაგრძელებთ წნეხს, მე მგონია, რომ გავგუდავთ რეჟიმს”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.