“თუშეთში რუსი ტურისტების რაოდენობა გაზრდილია – ევროპელებისთვის ისევ არ ვართ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ თავს იკავებენ”

მისი თქმით, წელს ტურისტების რაოდენობა შარშანდელის იდენტურია, თუმცა არა ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების ხარჯზე.

„წელს სასტუმროს დატვირთულობა და ტურისტების რაოდენობა თითქმის იგვეა. ანალოგიური სიტუაციაა შემოსავლების მხრივაც. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ წვიმიანი ამინდები იყო და ამან ხელი შეუშალა, ბევრმა ტურისტმა გადადო ვიზიტი.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით სტატისტიკას, ებრალებიც არიან, ალბათ, ფრენები გადაიდო და ჩარჩენილები არიან, ჩეხები (ჯგუფები არიან, ჩვენთან ერთი კომპანია თანამშრომლობს) და რუსები არიან. რუსების რაოდენობა გაზრდილია და ყოველ წელს ემატებიან. გერმანელები, ფრანგები პატარ-პატარა ჯგუფებით მოდიან. როგორი ვითარებაც იყო კორონამდე, როდესაც დიდი ჯგუფები მოდიოდნენ ევროპიდან, ასე აღარ არის.

სხვათაშორის, ადგილოვრივი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. ძირითადად შაბათ-კვირას მოდიან, დიდი ჯგუფები”, – ამბობს ია ბაშინურიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სასტუმრო 40%-ით არის დატვირთული, ფასები კი გასული წლის ანალოგიურია.

“სასტუმრო ამ ეტაპზე დაახლოებით, 40%-მდეა დატვირთული. იგივე სიტუაცია იყო შარშანაც.

რაც შეეხება ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირდა, ტრანსპორტიდან დაწყებული, პროდუქტებით დამთავრებული, ვერ გავაძვირეთ, რადგან თუშეთში ბევრი ახალი სასტუმრო იხსნება, თან კარგი სასტუმროები და კონკურენციაც დიდია. თან თუშეთია და მაინც სეზონურია. ამიტომ, გვინდა, რომ ფასით ჩვენი მომხმარებელი მაინც შევინარვუნოთ, თუ ახალზე ვერ გავალთ”,- ამბობს ია ბაშინურიძე.

კითხვაზე, რა არის ახლა ადგილობრივი ბიზნეისსთვის თუშეთში ყველაზე დიდი გამოწვევა, სასტუმრო “თუშეთის” მფლობელი ამბობს, რომ შელახული იმიჯი, რის გამოც ევროპელი ტურისტები ჩამოსვლისგან თავს იკავებენ.

„ევროპელი ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში ისევ არ ვართ“

“ მე ვფიქრობ, ახლა მთავარი გამოწვევა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ საგარეო იმიჯია. ევროპელებისთვის ისევ არ ვართ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ თავს იკავებენ ჩამოსვლისგან. მე მყავს ნაცნობები ევროპის ქვეყნებში და საქართველოს რომ დაგუგლავენ, აჩვენებს როგორც ერთ-ერთ საფრთხის შემცველ ქვეყანად. შარშან გაზაფხულის აქციების პერიოდიდან რომ შეექმნა საქართველოს ეს იმიჯი, დარჩენილია ისევ, არ მოუხსნიათ. ამიტომ, ვფიქრობ, ტურისტების მოზიდვაში ეს ფაქტორი ძალიან გვიშლის ხელს. ამას შარშანვე გვეუბნებოდნენ ის მცირე ჯგუფები, ვინც ევროპიდან ჩამოდიოდა. საქართველო აღარ არის ისეთი მიმზიდველი ევროპის ქვეყნებისთვის”, – ამბობს ია ბაშინურიძე.