Reuters-ის ცნობით, გასული წლის დეკემბერში ინდურმა კომპანიამ რუსეთში 1.4 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ასაფეთქებელი ნივთიერებები გაგზავნა, აშშ-ის მუქარის მიუხედავად, რომ სანქციებს დაუწესებდა ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში.
HMX-ის, ან ოქტოგენის სახელით ცნობილი ნაერთის მიმღებად ჩამოთვლილი რუსული კომპანიებიდან ერთ-ერთი ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი Promsintez-ია, რომელსაც, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის სამხედროებთან კავშირები აქვს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აპრილში უკრაინამ Promsintez-ის საკუთრებაში არსებულ ქარხანას დრონებით შეუტია. როგორც აშშ-ის თავდაცვის ტექნიკური ინფორმაციის ცენტრი აღნიშნავს, ოქტოგენი ფართოდ გამოიყენება რაკეტებისა და ტორპედოების ქობინებში, სარაკეტო ძრავებში, ასაფეთქებელ ჭურვებსა და თანამედროვე სამხედრო სისტემებისთვის პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებებში.
აშშ-ის მთავრობამ HMX „რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნივთიერებად“ მიიჩნია და ფინანსური ინსტიტუტები გააფრთხილა, არ შეუწყონ ხელი ამ ნივთიერების მოსკოვისთვის მიყიდვას.
რუსული ფირმებისთვის HMX-ის მიყიდვის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამავდროულად, სანქციების საკითხებში სპეციალიზებულმა სამმა იურისტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, დააწესოს სანქციები მათ მიმართ, ვინც რუსეთს HMX-ს და მსგავს ნივთიერებებს მიყიდის.
HMX ცნობილია, როგორც „მაღალი ასაფეთქებელი ნივთიერება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სწრაფად ფეთქდება და შექმნილია მაქსიმალური განადგურების მიზნით.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის სანქციების პოლიტიკის კომისარმა ვლადისლავ ვლასიუკმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Reuters-სთან კომენტარი გააკეთა:
„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი, როგორც წესი, არ შედის სანქციების გვერდის ავლის ძირითად იურისდიქციებში, ჩვენ ვიცით, რომ შესაძლოა, ცალკეული შემთხვევები არსებობდეს. შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ რუსული კომპანია Promsintez-ი წარსულში ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის ინდოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით“.