ლუკაშენკოს და კიდევ 250-ზე მეტ პირს ესტონეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ

ესტონეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბელარუსის ხელისუფლების ძირითადი წევრების შესვლის აკრძალვა გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ERR-ი ავრცელებს.

ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ წამოაყენა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უცვლელი რჩება.

„ბელარუსში სანქციების შემოღებიდან თითქმის ხუთი წლის განმავლობაში არანაირი დადებითი ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ რეპრესიებზე, ამიტომ სანქციები განუსაზღვრელი ვადით უნდა დარჩეს ძალაში“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მედიასაშუალება წერს, სანქციების ქვეშ მყოფ პირთა სიაში შედის 273 ადამიანი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, მოსამართლეები, უსაფრთხოების წარმომადგენლები, პროპაგანდისტები და ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირები.

სანქციები პირველად ესტონეთმა 2020 წელს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე დააწესა.