Politico: უკრაინის ვერაგი მტერი მისი ხელმძღვანელობაა

გამოცემა Politico უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის ვერაგი მტერი მისი ხელმძღვანელობაა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, თავდასხმის ობიექტი ორი მხრიდან არის. მას, ერთის მხრივ, თავს მოსკოვი ესხმის, რომელსაც სურს ქვეყანა დააბრუნოს იმ დროს, როცა ის კრემლის მარიონეტი და რუსეთის სატელიტი იყო.

მაგრამ, შესაძლოა, არსებობდეს კიდევ ერთი ვერაგი და გამანადგურებელი მტერი – ქვეყნის ნახევრად ავტოკრატიული მთავრობა.

რამდენიმე თვეა ამის შესახებ ოპოზიციონერი კანონმდებლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები საუბრობენ. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელში სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იგდებს, ასუსტებს რა სხვა სამთავრობო და რეგიონულ ინსტიტუტებს, ქვეყნის პარლამენტის, კრიტიკოსების დაშინების ჩათვლით. Politico-ს ცნობით, კიევის ხელისუფლება ოპონენტებს ხმამაღალი კამპანიის მეშვეობით აჩუმებს. ის მათ რუს მარიონეტებად მოიხსენიებს.

უკრაინის მთავრობის ოპონენტების თქმით, დემოკრატიიდან გადახვევის მასშტაბები უფრო თვალნათელი მიმდინარე კვირას გახდა, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ორი საკვანძო ანტიკორუფციული უწყება, რომლებიც მაღალჩინოსნებს ებრძოდნენ, გაანადგურა. ამ ნაბიჯმა 2022 წლის შემდეგ პირველი სრულმასშტაბიანი პროტესტები გამოიწვია.

კიევში ასეულობით დემონსტრანტი სამთავრობო კვარტალთან შეიკრიბა, ხოლო ვეტერანები, მოქმედი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები სხვა ქალაქებში, მათ შორის ლვოვში, ფრონტისპირა ოდესასა და დნეპრში შეიკრიბნენ. მიტინგების მიუხედავად, ზელენსკიმ ახალ კანონს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალირიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს გენერალურ პროკურორს გადასცემს, ხელი მოაწერა.