რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

რუსეთის ამურის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის, „ან-24“-ის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, თვითმფრინავი მთლიანად არის განადგურებული. ზოგიერთ ნამსხვრევს ცეცხლი ეკიდა.

სამაშველო შვეულმფრენმა კატასტროფის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა. ამჟამად მაშველები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ფეხით მიდიან.

ავიაკომპანია „ანგარას“ კუთვნილი თვითმფრინავი ხაბაროვსკი-ბლაგივეშენსკი-ტინდას მარშრუტზე რეისს ასრულებდა. ტინდას აეროპორტში დაფრენა თვითმფრინავმა პირველ ჯერზე ვერ შეძლო და მეორე წრეზე წავიდა. ამის შემდეგ კი მასთან კავშირი დაიკარგა.

თვითმფრინავის ბორტზე 46-დან 49 ადამიანამდე იმყოფებოდა.