ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ევროკავშირმა იარაღის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, უკრაინა კი მის უმეტეს ნაწილს მიიღებს

„აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ევროპა ამერიკას იარაღისა და აღჭურვილობის ღირებულების 100%-ს გადაუხდის. ის განაწილდება და მისი უმეტესი ნაწილი უკრაინაში გაიგზავნება“, – ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 23 ივლისს ვაშინგტონში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

მისი თქმით, აშშ ევროკავშირს იარაღს გაუგზავნის, შემდეგ კი ბლოკის წევრი ქვეყნები თავად გაანაწილებენ მას, უმეტეს ნაწილს კი უკრაინაში გაგზავნიან.

„ისინი ამ ფულს შეერთებულ შტატებში ჩვენს თავდაცვის კომპანიებზე დახარჯავენ და ჩვენ მათ იარაღს გავუგზავნით და ისინი გაანაწილებენ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ასე უნდა ყოფილიყო სამი წლის წინაც“, – თქვა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების HAWK Phase III სარაკეტო სისტემების და 150 მილიონი დოლარის ღირებულების Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა.