ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ „ჰამასის“ პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას უკან ხევს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – წერს რუბიო.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.