რუსეთი აგვისტოდან ბენზინის ექსპორტს სრულად აკრძალავს – Reuters

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტს სრულად 1-ლი აგვისტოდან აკრძალავს. აკრძალვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ინფორმაციას Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საკითხი გადაწყვეტილია. ჯერჯერობით აგვისტო-სექტემბრის პერიოდი სახელდება,“ – აცხადებს ერთ-ერთი წყარო ანონიმურობის პირობით.

კიდევ ერთი წყარო აკონკრეტებს, რომ აკრძალვა ძალაში ხელმოწერის მომენტიდან შევა, რაც შესაძლოა, 1-ელ აგვისტომდე მოხდეს.

ერთ-ერთი მსხვილი ნავთობკომპანიის წყაროს ცნობით, აკრძალვას მომავალ ორშაბათს, 28 ივლისს მოეწერება ხელი.

მთავრობაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

ივლისის დასაწყისში ვიცეპრემიერ ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ ბენზინის ექსპორტი ნავთობკომპანიებისთვისაც აიკრძალება და გადაწყვეტილება ბირჟის ფასების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. იანვრის ბოლოს რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც, საწვავის მწარმოებლების გარდა, ყველას ეხებოდა, თებერვლამდე გაეგრძელებინა.

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე საავტომობილო ბენზინის საბითუმო პარტიების ღირებულება გასული კვირის დასაწყისიდან ზედიზედ მერვე სავაჭრო სესიაზე იზრდება, ხოლო AI-95-ის კოტირებამ 24 ივლისს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

Reuters-ის გათვლებით, რუსეთში საავტომობილო ბენზინის წარმოებამ იანვარ-მაისში 18,6 მლნ ტონა, ხოლო შიდა ბაზარზე მიწოდებამ 15,8 მლნ ტონა შეადგინა. ასევე, იანვარ-მაისში რუსეთმა რკინიგზით პორტებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით ბენზინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, მეოთხედით გაზარდა, რამაც 2,51 მლნ ტონას მიაღწია.