საქართველო დასავლეთისკენ სვლას განიხილავს როგორც ისტორიულ არჩევანს გზას, რომელიც თითქოს უკუქცევას აღარ ითვალისწინებს. თუმცა, ამ არჩევანის გარშემო საერთო ეროვნული კონსესუსი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა. ჯიუტად მივიწევთ იმ კარისკენ, რომელიც ღიაა, მაგრამ შიგნით შვეიცარი დგას, რომელიც ერთი ხელით კარებს გიღებს, ხოლო მეორე ხელით მიგანიშნებს, რომ შიგნით შესვლა არ შეგიძლია.
ფოტოზე: “ქართველი ხალხი” ნატოს ელოდება, ნატახტარი, 26/07/2025
იქ არავინ გველოდება სიხარულით, შეშვების სანაცვლოდ კი ჩვენს სუვერენიტეტს გვთხოვენ, ლანგრით მირთმეულს.
2025 წელს, გლობალური გადალაგებებისა და კავკასიის ირგვლივ მზარდი დაძაბულობის ფონზე როდესაც სამხრეთით ყოველდღიურად იზრდება ესკალაციის რისკი ვალდებულები ვართ დავუსვათ საკუთარ თავს გარდაუვალი კითხვა: სად მივყავართ ამ გზას? რას გვთავაზობენ რეალურად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი სუვერენიტეტის ფასად?
ნატოსგან დღემდე არ მიგვიღია უსაფრთხოების კონკრეტული გეგმა ან დაზღვევის მექანიზმი. მტკიცედ უნდა ითქვას: ნატოს წესდებაში არ არსებობს მუხლი, რომელიც ალიანსს ავალდებულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პირიქით, როგორც მრავალ სამიტზე გვესმოდა, ჯერ თავად უნდა აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება ჩვენი წევრობა.
2022 წელს უკრაინის მაგალითმა ეს ყველაფერი რეალობაში გადმოიტანა: ქვეყანა, რომელმაც სრულად დაუჯერა დასავლეთს, დაუფიქრებლად ჩაერთო ნატოს გეოპოლიტიკურ თამაშში, ხოლო შედეგად ევრო-ამერიკული ბიუროკრატიის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომლისთვისაც ასევე ღიაა ალიანსის კარი, თუმცა იქედან მკაფიოდ მიანიშნებენ, ომი მოიგე და მობრძანდიო.
არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად „გაურკვეველი მომავლის“ და “აბსტრაქტული დაპირებების”
იმედზე ცხოვრობდეს, როცა რეალურად იარაღით, ჯარითა და პოლიტიკით დასავლეთი უკან იხევს.
დღეს საქართველოს წარდგენის მცდელობა როგორც დასავლური სამყაროს ერთგული პარტნიორისა უკვე აღარ პასუხობს ჩვენთვის არსებით ეროვნულ ინტერესებს.
შეიძლება ნატოსკენ მიმავალი გზის ჯერ კიდევ ბევრს გულუბრყვილოდ სჯერა, მაგრამ კითხვა რჩება კითვად: სად მივდივართ რეალურად და ვის მხარეს ვრჩებით, როცა უკრაინის შესანიშნავი მაგალითი თვალნათელია, როგორ ტრაგიკულად ასრეულებს სახელმწიფო, მაშინ როცა დასავლელ პარტნიორებს არის ბოლომდე მინდობილი.
დროა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დაიწყოს საუბარი საკუთარი ეროვნული ინტერესების ენით მტკიცედ, პირდაპირ და უტყუარი პოზიციით.
ირაკლი ჯანყარაშვილი