“გააძლიერე წინააღმდეგობა” – ბოიკოტში მყოფი პარტიები მოქალაქეებს მოუწოდებენ ამ სპეციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ შემდგომი მოქმედებებისთვის. მათი შეფასებით, რაც უფრო ორგანიზებული და შეკრული იქნება ხალხი, მით უფრო გაუწეევს წინააღმდეგობას და “უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი”.
“ეს არ იქნება მხოლოდ დაკავშირებული რუსთაველზე გამოსვლებისთვის, ადამიანების ერთად დგომა საჭიროა არა მხოლოდ აქციებისთვის, არამედ რეგიონისთვის მოსახლეობაში შეხვედრებისთვის და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის სხვა გეგმებისთვის”,- განაცხადა “რეზონანსთან” ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.
“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო” – ზუსტად ასეა მათი საქმე, ბოიკოტი არის აბსურდი და არაფრისმომტანი”,- აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე.
რას ნიშნავს “გააძლიერე წინააღმდეგობა” და როგორ უპასუხებს ხელისუფლება
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის გეგმები არაფრის მომტანია.
“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო” – ზუსტად ასეა მათი საქმე, ბოიკოტი არის აბსურდი და არაფრის მომტანი, ლენინმა გამოიყენა პირველად ბოიკოტი, რომელშიც ტროცკი უჭერდა მხარს, ესენი ლენინისტები და ნეოტროცკისტები არიან.
ხელისუფლება რას გააკეთებს და არც არაფერს, 4 ოქტომბერს არჩევნებს ჩაატარებს, მივა ხალხი მისცემს ხმას მის რჩეულ პარტიას, როგორც ვიცით, ბევრი პარტია მონაწილეობს არჩევნებში და ბოიკოტში მყოფები დარჩებიან მოწყენილები, საქართველოს მოსახლეობა და მის მიერ არჩეული ხელისუფლება – მხიარული.
“ამ პლატფორმას ვინ უნდა შეუერთდეს, ყოველ ღამეს რუსთაველზე რომ დაბლაყუნებენ ისინი? კი ბატონო და იძახონ ბოიკოტი-ბოიკოტი და ახლა რა? გიჟი თავის ქმედებებში თავისუფალია”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დარეგისტირდეს და მხარდაჭერა მეტი ჰქონდეს იმ გეგმებს, რაც ბოიკოტში მყოფებს აქვთ.
“მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარეგისტრირდეს და შეუერთდეს აღნიშნულ მოძრაობას. ვგულისხმობ, როგოც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ამიტომაც გაახმოვანა რუსთაველზე პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
“ეს არ იქნება მხოლოდ დაკავშირებული რუსთაველზე გამოსვლებისთვის, ადამიანების ერთად დგომა საჭიროა არა მხოლოდ აქციებისთვის, არამედ რეგიონისთვის მოსახლეობაში შეხვედრებისთვის და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის სხვა გეგმებისთვის”,- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ მობილიზებით წინააღმდეგობის დიდი ტალღა აგორდება, თუმცა მუშაობაა საჭირო.
“ვფიქრობ, დიდი ტალღა აგორდება, ოღონდ მუშაობაა საჭირო – ვგულისხმობ რეგიონებში ჩასვლას და შეხვედრებს არა მხოლოდ ოპოზიციურ ელექტორატთან, არამედ სხვებთანაც. მომხრეებთან შეხვედრები კი მხარდაჭერას გააძლიერებს, მაგრამ მთლიანად მოსახლეობამდე უნდა მიიტანონ ინფორმაცია რატომაა მნიშველოვანი, რომ ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში.
“რითიც “ქართული ოცნება” იგებს, ესაა პროპაგანდა, რეგიონებში კი ხშირ შემთხვევაში პროსამთავრობო არხები არჩვენებს, ოპოზიციამ ეს ეჭვები უნდა გაუფანტოს მოსახლეობას და ესაუბროს სამომავლო გეგმებზე, თუ რას გააკეთებენ. აუხსნან ევროპა რატომ არის კარგი, რომ არანაირ ქართველობას არ გვართმევენ, პირიქით, თუ ევროპასთან ვიქნებით, ქართველობას და საქართველოს სუვერენიტეტს უფრო შევინარჩუნებთ”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან”.
რას აცხადებენ იდეის ავტორები
როგორც აღინიშნა, რვა ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალურ პლატფორმაზე – “გააძლიერე წინააღმდეგობა” – დარეგისტრირდნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რაც უფრო ორგანიზებული და შეკრული იქნება ხალხი, მით უფრო „დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი”.
„საქართველო კარგავს მომავალს. კარგავს ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოგვიპოვებია. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი სისტემა, სადაც რაც უფრო სუსტდება და ღარიბდება მოქალაქე, მით უფრო მდიდრდება და ძლიერდება თვითონ. ამისთვის იგონებს ის არარსებულ მტრებს, რომ ვერ შევამჩნიოთ ნამდვილი მტერი, რომელიც ჩვენ თვალწინ ამ ქვეყანას ერთადერთ მომავალს ართმევს.
“ყველაფერს კარგად ვხედავთ და ვიაზრებთ! ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეები იძინებენ უფრო სახიფათო, უფრო არასტაბილურ, უფრო ქაოსურ, უფრო ღარიბ, უფრო დაუცველ, უფრო უსამართლო სახელმწიფოში.
თუ ივანიშვილი შეძლებს ქართული სახელმწიფოს სრულად მიტაცებას და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხავს, ქაოსი ამ ქვეყნის ბედისწერად იქცევა. თუმცა არსებობს მეორე გზა. გზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები შევძლებთ ძალაუფლება დავიბრუნოთ, რომლითაც კორუფციას, ტერორს და განუკითხაობას ჩაანაცვლებს სამართლიანობა, ერთობა და მშვიდობა, ქართველებს კი საკუთარ ქვეყანაში დაედგომებათ, რადგან ეს ქვეყანა ისევ მათი იქნება.
“ამას მივაღწევთ მხოლოდ ერთად დგომით, წინააღმდეგობის ორგანიზებით და ამ რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის სრული იზოლაციით. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც რეჟიმი დასუსტდება, საქართველოს მოქალაქეები კი გავძლიერდებით. რაც უფრო ორგანიზებულები და შეკრულები ვიქნებით ხალხი, მით უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი.
“19 ივლისის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უპირობო წარმატების და ამ ქვეყნის საძირკვლიდან რეფორმირების გარეშე პროტესტი არ დასრულდება, რომ მას ვერ დაასრულებს სუსხი, ვერ დაასრულებს სიცხე, ვერ დაასრულებს რეპრესიები და ტერორი, მას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს პიროვნების ღირსების სამსახურში დააბრუნებს. დარეგისტრირდი და გააძლიერე წინააღმდეგობა, თუ მზად ხარ რომ ამ ცვლილების ნაწილი გახდე”,- აღნიშნულია რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის წინ წაიკითხეს.