2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე ცხელ წელიწადად ჩაითვალა, რადგან მეტისმეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი… “კვირის პალიტრის” სტუმარია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე.
– თუ გახსოვთ, 2024 წლის მაის-ივნისი ძალიან წვიმიანი იყო და ასე იყო წელსაც. ამ პერიოდში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა, თუმცა ივლისში საქართველოშიც ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – 40 გრადუსს აჭარბებს და კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. მანამდეც, 1-2 დღეს, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ მერე ისევ დაეცა, ახლა კი უკვე ხანგრძლივად, თითქმის ორი კვირაა 36 და მეტი გრადუსი ფიქსირდება, რაც დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებისთვის. სიცხე კიდევ უფრო გაუსაძლისი იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ტენიანობა იზრდება, უჰაერობაა, და ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში.
– აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდება?
– აღმოსავლეთ საქართველოშიც მომატებულია ტენიანობა, განსაკუთრებით თბილისში. ამ დროს აორთქლების პროცენტი მატულობს, რაც პრობლემურია მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის. ისინი მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მზეს. რაც შეეხება ბავშვებს, მშობლებს ვურჩევ, შუადღეს გარეთ არ გაუშვან, რადგან ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მზის სხივების მიმართ. ბოლო წლებში ტემპერატურა ძალიან მაღალია, ცხელი დღეები გახანგრძლივებულია, რაც ჩვენთვის უჩვეულოა.
პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად მაის-ივნისის უხვი ნალექისა, წყლის ნაკლებობა მაინც შეინიშნება. ამიტომაც ძალიან უჭირს სოფლის მეურნეობას. პრობლემაა მწერები და მავნებლებიც, სიცხეში ისინი კარგად მრავლდებიან (ჩვენ ამას აფეთქებას ვუწოდებთ) და დიდი ზიანის მოტანა შეუძლლიათ. კლიმატის ცვლილება უარყოფითად აისახება როგორც სოფლის მეურნეობაზე, ასევე ტყეებზე – მაღალი ტემპერატურისას მოსალოდნელია ტყის ხანძრები… წაიკითხეთ ვრცლად