ვიქტორ ორბანი სავაჭრო შეთანხმებაზე: დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი მიირთვა!

აშშ-სა და ევროკავშირს შორის მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მმართველები ეხმიანებიან. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი გარიგებით კმაყოფილია, სხვა ლიდერებს შორის ერთსულოვნება არ შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC გვიზიარებს.

ვიქტორ ორბანი

დღეს, 28 ივლისს პოდკასტში საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება უარესია, ვიდრე მაისში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული გარიგება.

„ეს არ არის შეთანხმება… დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი შეჭამა, ეს მოხდა და ასეც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა“, – აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „მძიმეწონოსანია“, ფონ დერ ლაიენთან შედარებით.

„აშშ-ის პრეზიდენტი მძიმეწონოსანია მოლაპარაკებების დროს, ხოლო მადამ პრეზიდენტი – მსუბუქი“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა, რომელიც უკვე დიდი ხანია, უკმაყოფილებას გამოხატავს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.