რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელ სენატორს ლინდსი გრეჰემს უპასუხა, რომ უკრაინის კონფლიქტში „მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის“ დროის განსაზღვრა მისი, ან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადასაწყვეტი არ არის.
„თქვენი, ან ტრამპის საქმე არ არის, რომ გვიკარნახოთ, როდის „დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან“. მოლაპარაკებები დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენი სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. უპირველეს ყოვლისა, იმუშავეთ ამერიკისთვის, ბაბუებო!“ – დაწერა მედვედევმა X-ზე.
მანამდე მედვედევი გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა 10, ან 12 დღემდე შეამციროს.
მედვედევმა ტრამპს მოუწოდა, არ დაავიწყდეს, რომ ნებისმიერი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმის თამაშს თამაშობს: 50 დღე, თუ 10… მას ორი რამ უნდა ახსოვდეს:
1. რუსეთი არც ისრაელია და არც ირანი.
2. ყოველი ახალი ულტიმატუმი საფრთხეა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯი. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის საკუთარ ქვეყანასთან. ნუ წახვალთ „მძინარე ჯოს“ გზაზე!“, – დაწერა მედვედევმა.
გრეჰემმა მედვედევის ამ პოსტს X-ზე უპასუხა და მიმართა: „რუსეთში მათ, ვისაც სჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არ უყურებს რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისღვრის დასრულებას: თქვენ და თქვენი მომხმარებლები მალე, სამწუხაროდ, შეცდებით. ასევე, მალე დაინახავთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის. მიდით სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან“.