2025 წლის განახლება 223 ეკონომიკას, მათ შორის, ათობით მცირე ტერიტორიას მოიცავს და გლობალური კეთილდღეობის სურათს აჩვენებს. ამ ქვეყნeბის, დაახლოებით, ნახევარი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების სიაშია. ისინი, თავის მხრივ, ორ ჯგუფად, საშუალოზე მაღალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნებად იყოფა.
საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში წელს ერთ სულ მოსახლეზე მინიმალური/მაქსიმალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი 4.496/13.935 დოლარია. საქართველოსთან ერთად ამ ჯგუფში რეგიონის ყველა მეზობელი სახელმწიფოა (რუსეთის გარდა, რომელიც უკრაინის ომამდელი რეიტინგით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სიაშია). ასევე, აქ არის თურქეთი, უკრაინა, ჩინეთი, ინდონეზია, ბრაზილია და სხვა ქვეყნები.
დღეს მსოფლიო ეკონომიკის 40% კლასიფიცირებულია, როგორც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც წელს ერთ სულ მოსახლეზე მინიმალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი 13.936 დოლარია. შედარებისთვის: გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შემოსავლის მაღალი დონე მსოფლიო ეკონომიკების მხოლოდ 25%-მა აჩვენა.
მსოფლიო სიმდიდრის ეპიცენტრს კვლავ დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ, ევროპა, კანადა და აშშ წარმოადგენს. შემდეგ მოდის აღმოსავლეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ისეთი ქვეყნების ხარჯზე როგორიცაა: იაპონია, სამხრეთ კორეა და სინგაპური, სადაც ცხოვრების დონე ტრადიციულად მეტად მაღალ დონეზე რჩება.
2025 წლის უმდიდრესი ქვეყნების ტოპ 10-ეული (ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით) ასე გამოიყურება:
- ლუქსემბურგი – 140.9 ათასი დოლარი;
- ირლანდია – 108.9 ათასი დოლარი;
- შვეიცარია – 104.9 ათასი დოლარი;
- სინგაპური – 92.9 ათასი დოლარი;
- ისლანდია – 90.3 ათასი დოლარი;
- ნორვეგია – 89,7 ათასი დოლარი;
- აშშ – 89.1 ათასი დოლარი;
- მაკაო – 76.3 ათასი დოლარი;
- დანია – 75 ათასი დოლარი;
- კატარი – 71.7 ათასი დოლარი.
ასევე, მდიდარი ქვეყნების საიში არიან ნიდერლანდები (70.5 ათასი დოლარი), ავსტრალია (64.5 ათასი), სან-მარინო (59.6 ათასი), ავსტრია (58.2 ათასი), შვედეთი (58.1 ათასი), ბელგია (57.8 ათასი), ისრაელი (57.8 ათასი), ჰონგ-კონგი (56.0 ათასი), გერმანია (55.9 ათასი), დიდი ბრიტანეთი (54,9 ათასი), ფინეთი (54.2 ათასი), კანადა (53.6 ათასი), არაბთა გაერთიანებული საემიროები (49.5 ათასი), საფრანგეთი (46.8 ათასი) და ახალი ზელანდია (46.1 ათასი).
ამასთან, წელს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების წილი მხოლოდ 12%-ია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მაქსიმალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი 1135 დოლარია. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობა აფრიკაში, ხოლო რამდენიმე მათგანი დედამიწის არასტაბილურ ან ომისგან განადგურებულ რეგიონებში მდებარეობს.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის ექსპერტები საშემოსავლო რეიტინგს ყოველწლიურად აახლებენ და ეკონომიკებს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით აფასებენ. ეს უკანასკნელი არის ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე გარკვეული პერიოდის, ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში საშუალო შემოსავალს ზომავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ