ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა „დაუნდობლად“ იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის დავალებით პოლონეთში დესტაბილიზაციას გეგმავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მთავრობა დაუნდობლად იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყანაში, განსაკუთრებით პოლონეთის საზღვრებზე, სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. ამის შესახებ ტუსკმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, დაკავებულია 32 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსულ სამსახურებთან თანამშრომლობაში. მათ შორის არიან რუსები, ბელორუსები და უკრაინელები, ასევე, კოლუმბიისა და პოლონეთის მოქალაქეები.

ტუსკის თქმით, რუსეთის სამსახურებმა ამ პირებს დივერსიული აქტების ჩადენის რეკომენდაცია მისცეს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ერთი პირი გასამართლდა, დანარჩენები კი დააკავეს და სასამართლო პროცესს ელოდებიან.

პოლონეთში ცეცხლის წაკიდების ორი შემთხვევის უკან სავარაუდოდ მდგომი 27 წლის კოლუმბიელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის და პოლონური სამსახურების მუშაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს დივერსიული ქმედებებიც რუსული სამსახურების პირდაპირი დავალებით განხორციელდა.

„ვთხოვე შესაბამის მინისტრებს კიდევ უფრო ინტენსიური და ენერგიული ზომების მიღება როგორც რისკების თავიდან ასაცილებლად, ასევე, ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, ვინც რუსული ფულით თავს ესხმის პოლონეთის სახელმწიფოს“, – განაცხადა ტუსკმა.

მან ასევე დასძინა, რომ „პოლონეთის სახელმწიფო დაუნდობლად იმოქმედებს“ მათ მიმართ, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს, განსაკუთრებით პოლონეთის საზღვრებზე.