შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად გაიგო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთმინება რუსეთის მიმართ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების „ვადის“ 10 დღემდე შემცირებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან მისი სამშვიდობო ძალისხმევის შედეგები უკვე ჩანს „მთელ მსოფლიოში“.
„ის მომთმენი იყო და შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა ეს არასწორად გაიგო, მაგრამ, ვფიქრობ, არასწორი ინტერპრეტაციების დრო დასრულდა“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.
ცნობისთვის, 29 ივლისს ტრამპმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს ომის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ახალი, 10-დღიანი ვადა დაუწესა. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში კი მოსკოვს ტარიფებითა და სანქციებით დაემუქრა.