„ათვლა იწყება დღევანდელი დღიდან“ – ტრამპმა უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთს 10-დღიანი ვადა მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთს 10-დღიანი ვადა მისცა, რათა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ვადის ათვლა იწყება 29 ივლისიდან.

დონალდ ტრამპი

ამის შესახებ ტრამპმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„10 დღის ათვლა იწყება დღევანდელი დღიდან. შემდეგ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და სხვა ზომებს. არ ვიცი, ეს იმოქმედებს თუ არა რუსეთზე, რადგან აშკარაა, რომ რუსეთს სურს ომის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და სხვა ზომებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 28 ივლისს გამოთქვა იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ და განაცხადა, რომ შეამცირებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთისთვის მანამდე განსაზღვრულ 50-დღიან ვადას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ტრამპის მიერ რუსეთისთვის განსაზღვრულ ახალ ვადას.