დაახლოებით 40 ევროპარლამენტარი, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრიდან, ევროკავშირს მოუწოდებს, გადამწყვეტი ზომები მიიღოს ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
როგორც Euronews-ი აღნიშნავს, 40 ევროპარლამენტარისგან შემდგარი მრავალპარტიული ჯგუფი ზეწოლას ახორციელებს ევროკავშირზე, რათა შეჩერდეს სავაჭრო შეთანხმება ისრაელთან და დაწესდეს სანქციები ნეთანიაჰუს მთავრობაზე.
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ექსკლუზიურად გაეცნო Euronews-ი, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა დააკისროს ისრაელის მთავრობას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც „მკაფიოდ არღვევენ ჟენევის კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“.
განცხადებაში ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მძევლები.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, შეაჩეროს ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ორ მხარეს შორის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობებს.