რუსეთი, თურქეთი, სომხეთი.. – ქვეყნები, საიდანაც აპრილ-ივნისში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია

2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აღნიშნული 1.8 მლნ შემოსვლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„2025 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მილიონს მიაღწია, რაც 8.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.3 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის მე-2 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (361.8 ათასი), თურქეთისა (308.3 ათასი) და სომხეთის (210.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.