სამშაბათს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა რომ, მოსკოვში “გაითვალისწინეს” აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის განცხადება, რომლის მიხედვით რუსეთისთვის მშვიდობის მისაღწევად განსაზღვრული დროის ვადა მცირდება.
“გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია” – აღნიშნა პესკოვმა და კიდევ ერთხელ გამოიყენა ის ტერმინი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომის აღსანიშნავად იყენებს. აქვე მან დასძინა, რომ “რუსეთი სამშვიდობო პროცესის მომხრეა”, თუმცა ამავდროულად ესწრაფვის მშვიდობიანი შეთანხმების გზით საკუთარი ინტერესებიც დაცვას.
- პესკოვმა ასევე უპასუხა ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვით ის აღარ არის დაინტერესებული ვლადიმირ პუტინთან უბრალოდ დიალოგისთვის შესახვედრად:
“მსურს, თავიდან ავიცილო შეფასებები” – განაცხადა პესკოვმა.მისი თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრის საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის, რუსეთს სურს აშშ-სთან ურთიერთობების მოგვარება, მიუხედავად იმისა რომ, ბოლო დროს ეს პროცესი შენელდა.
მას შემდეგ როცა ტრამპმა რუსეთს უკრაინასთან ზავის მისაღწევად 50 დღე მისცა, პუტინს ამ საკითხზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეკითხვებზე პასუხისას კრემლის პრესმდივანმა ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი რუსეთის “მოკავშირეებად” მოიხსენია და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებთან მოსკოვი “ბევრ საკითხში იზიარებს მსოფლიო წესრიგის ხედვას”.
ამავდროულად წინა დღეს მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა რომ “პირველად ისტორიაში” რუსეთი დასავლეთს მოკავშირეების გარეშე ებრძოდა, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთს სამხედრო პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და კორეელი ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ, ხოლო ირანი და ჩინეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ამარაგებენ, მიუხედავად იმისა რომ ეს ორი ქვეყანა კატეგორიულად უარყოფს კონფლიქტში ჩართვას.
“იმედგაცრუებულმა” აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც პუტინს ზავის მისაღწევი 50 დღიანი ვადა 10-12 დღემდე შეუმცირა, განმარტა, რომ კვლავ მიაჩნია, შესაძლებლად რუსეთთან შეთანხმება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება ის მზად არის ახალი სანქციების დასაწესებლად, მათ შორის – მაღალი საბაჟო გადასახადების შემოღებისთვის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.
ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები: უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ტერიტორიული ცვლილებების აღიარება, ანუ იმ ტერიტორიების დათმობა, რომლებზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას. უკრაინა თავის მხრივ ამ მოთხოვნებს არ თანხმდება და მშვიდობიან მოლაპარაკებებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ითხოვს.