ტრამპი მედვედევზე: რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, ვუთხრათ, ყურადღება მიაქციოს სიტყვებს, რადგან ძალიან სახიფათო გზას ადგას

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს მიმართა და მოუწოდებს საკუთარ სიტყვებზე დაფიქრდეს.

„მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში.

ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის არ აწარმოებენ საერთო ბიზნესს. დავტოვოთ ეს ისე, როგორც არის, და ვუთხრათ მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტია, ყურადღება მიაქციოს მის სიტყვებს, რადგან ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

 

 

შეგახსენებთ, 30 ივლისს ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები დაუწესა.

ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ინდოეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობისა და ნავთობის შესყიდვა დაასახელა.

მანამდე კი, მედვედევმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის ისრაელი ან ირანი, რომ ულტიმატუმები წაუყენონ და ტრამპს მოუწოდა, არ გააგრძელოს „მძინარე ჯო ბაიდენის გზა“.