აშშ-ს ჰეგემონობა ნელ-ნელა ისტორიას ბარდება, რაც უნდა გაითვალისწინოს ქართულმა პოლიტიკამ, მაგრამ გაითვალისწინებს?

საბჭოთა კავშირის დაშლა ხრუშჩოვის დროს დაიწყო და გორბაჩოვის მმართველობის დროს დამთავრდა — ქვეყნის დაშლასთან ერთად. ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლუსიდან ერთმა გამარჯვება იზეიმა, მეორემ?

მეორეს, თავში აზრადაც არ მოსვლია, რა ჰქონდა და რა დაჰკარგა. ჯინსებზე და საღეჭ რეზინებზე დახარბებულ საბჭოელებს წამითაც ვერ წარმოედგინათ — რას მოუტანდა მათ გაკაპიტალისტება.

ვისაც გასული საუკუნის 90-იანი წლები ახსოვს, იოლად მიმიხვდება იმ პერიოდის, ვითომ თავისუფალის, ვითომ დემოკრატიულის, ვითომ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ლოზუნგების ზედაპირულობის გამათრახებას.

დასავლეთიდან შემოჭრილი სიყალბე, დღესაც ხიბლავს ხალხს — იმ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებელს, დღესაც ჰგონია, რომ აშშ-ი დემოკრატიის ნაკრძალია, დღესაც ჰგონია, რომ იქაური დემოკრატია სამაგალითოა, ქვეყანა კი საუკეთესო. თვით ამერიკელს გააოცებს ქართველი ე.წ. პოლიტიკოსების ქებათაქება იმ ქვეყნისა, სადაც ოფიციალური მონაცემებით 778000 „ბომჟი“ ცხოვრობს აშშ-ს ქალაქების ქუჩებში, ზოგი კარავში, ზოგიც ტროტუარზე დაგებულ ლეიბებზე.

არაოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში 3,5 მილიონი უსახლკაროა — ნარკოტიკებს მიძალებული, ჰოდა პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ამ ხალხისგან ქალაქების გაწმენდა. თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ბრძანა — ტრამპი უდავოდ შეძლებს ამ საქმის რეალიზებას და მაცხოვრებლებს უშიშრად შეეძლებათ ქუჩებში სიარულიო.

აშშ-ზე შეყვარებულ ქართველობას თვალი აქვს დახუჭული სარკინიგზო კატასტროფებზე, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი რკინიგზის გაუმართავობის გამო — მოძველებულის, საუკუნის წინ გაყვანილის.

მსოფლიოს ჰეგემონს სწრაფმავალი რკინიგზა არ გააჩნია. აშენებდნენ ერთს — ლოს-ანჟელესიდან, ლას-ვეგასამდე, 9 მილიარდიც დახარჯეს, მაგრამ ვერ დაასრულეს —მშენებლობის ვადის გაწელვის გამო, რასაც დაემატა სამშენებლო მასალების ფასების ზრდაც. თვითღირებულება 34 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მშენებლობა შეწყვიტეს, დააკონსერვეს. არც ერთი სწრაფმავალი რკინიგზა ამერიკაში, ხოლო ჩინეთში — 55000 კმ სიგრძის. რომელია ეკონომიკური გიგანტი — ჩინეთი თუ აშშ-ი?

დავუმატოთ ამას ქვეყნის ასტრონომიული ვალი — 37 ტრილიონი, კორუფციული მომენტები, სტიქიით მიყენებული ზარალის აუნაზღაურებლობა, არალეგალური მიგრანტების მიერ ქალაქების დაპყრობა და სხვა მრავალი, რაც უდავოდ მიანიშნებს ჰეგემონის დაუძლურებაზე.

აშშ-ი ჰკარგავს პოზიციებს მსოფლიოში და უწინდელ პატივისცემას. საკუთარი ჰეგემონისტური პოლიტიკის გატარებისთვის მსოფლიოში განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზები საკმარისი აღარ არის, რამეთუ ძალით მოთვინიერება მხოლოდ დროებითია. სიტყვით და შეგონებით — ზიგზაგურად მოაზროვნე პატივისცემას ვერ დაიმსახურებს. ერთადერთი რაც მას შემორჩა, გაზრდილი ტარიფებია, რომელიც საწყის ეტაპზე აშშ-ს ხაზინას ავსებს, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკას, მათ შორის ამერიკისას მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს.

ტრამპი ხედავს, რომ აშშ-ს საფინანსო საყრდენს წყალს უყენებენ, მაგალითად „ბრიკსის“ ქვეყნები — ერთმანეთთან ვაჭრობაში თავიანთი ფულის გამოყენებით. „ბრიკსში“ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ერთიან ვალუტაზე გადასვლის პროექტზე, რაც შერყეულ დოლარს კიდევ უფრო დაბლა დასწევს.

ტრამპს, მუქარის მეტი არაფერი აქვს დარჩენილი და ისიც, მრისხანე სახით აცხადებს, რომ ვინც „ბრიკსთან“ ითანამშრომლებს, ის მათ 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

„ბრიკსი“ ნახევარი მსოფლიოა — მოსახლეობის რაოდენობით, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპით — აჭარბებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს. ასე რომ, ტრამპის მუქარა უკურეაქციას გამოიწვევს — აშშ-სთვის არახელსაყრელს.

სულ ახლახანს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა გაასაჯაროვა სიღრმისეული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტ ობამას მძიმე დღე მოელის — როგორც დოკუმენტის გამყალბებელს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ რესპუბლიკელი ტრამპი და დემოკრატი კლინტონი.

დემოკრატებმა დაავალეს ცსს-ს, წარმოედგინა მოხსენება არჩევნებში რუსეთის ჩართვის თაობაზე — ტრამპის სასარგებლოდ. ცსს განაცხადა, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონდა. მაშინ პრეზიდენტმა ობამამ დაიბრალა უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნები და მოხსენება გადააკეთებინა საწინააღმდეგო შინაარსით.

პრეზიდენტმა დემოკრატიული ქვეყნისა ჩაიდინა ფალსიფიკაცია,  რომელმაც არა მარტო აშშ-ს მიაყენა ზარალი, არამედ მსოფლიოს — დააპირისპირა ერთმანეთს აშშ-ი და რუსეთი. აშშ-დან გამოყარეს რუსი დიპლომატები, ყადაღა დაადეს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ქონებას. აშშ-ა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები, შეწყდა სავაჭრო და ჰუმანიტარული ურთიერთობები. აიკრძალა რუსული ტელეპროგრამები, მათ შორის RT — რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტები მუშაობდნენ. დიპლომატიური ურთიერთობები ნულის დონეზე დავიდა.

ობამას ადმინისტრაცია, შემდეგ ბაიდენის, რუსეთთან ნეგატიური ურთიერთობების ტალღაზე აწყობილები, ყველაფერს აკეთებდნენ უკრაინის ანტირუსულად მოსაქცევად, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინელის ანტირუსულად გადაკეთება 1991 წლის დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდან დაიწყო.

ობამას დადანაშაულების შემთხვევაში, რუსეთს უნდა გაუუქმდეს სანქციები, ვინაიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ის არ ჩარეულა — არც რამ გაუკეთებია ტრამპის სასარგებლოდ. მაგრამ გაითვალისწინებს ამას აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოები, კანონმდებლები კონგრესის სახით?

არც დემოკრატები არიან გულხელდაკრეფილნი. ისინი მოითხოვენ ეპშტეინის სიის გამოქვეყნებას. და არა მარტო სიის, არამედ ვიდეო მასალის.

ე.წ. ბიზნესმენი ეპშტეინი ცნობილი იყო არასრულწლოვანი გოგონებით აშშ-ს პოლიტელიტის, მათ შორის პრეზიდენტების „გართობით“. ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს განაცხადა, რომ ეპშტეინის სიას გამოაქვეყნებდა, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი გახდა, თავი შეიკავა დანაპირების შესრულებისგან. როგორც ჩანს, მას აღარ ახსოვდა, რომ თვითონაც იყო ამ სიაში და ამიტომაც დაპირდა ამომრჩეველს გამოქვეყნებას.

ორი კვირის წინ კი თქვა, რომ სია უინტერესოა, არაფრის მთქმელი, მოგონილი ისტორიაა, რამაც გააღიზიანა ტრამპის მხარდამჭერები. ტრამპი იძულებული შეიქმნა ეთქვა — გამოვაქვეყნებო.

6 თვე გავიდა ტრამპის პრეზიდენტობისა და ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთის გამომრიცხავი იმდენი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არა მარტო აშშ-ს, არამედ მთელ მსოფლიოს გზა-კვალი აერია. ყველა უცხოელი პოლიტიკოსი, მითუმეტეს ქვეყნის მეთაური დამფრთხალი ელოდება ტრამპის დილით გამოღვიძებას და ინტერნეტით ახალი იდეების გავრცელებას.

ზიგზაგური პოლიტიკა სახეზეა და ვისგან? ქვეყნისგან, რომელიც მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე უნდა იდგეს დ არა მშვიდობის ძალით მიღწევის, რისი მაგალითიც ვიხილეთ ირანის ბირთვული ობიექტების ამერიკული 14-ტონიანი ბომბებით დაბომბვით?

ტრამპს და მის ადმინისტრაციას მოწონებით მოაქვთ თავი — ომი შევაჩერეთ ძალის გამოყენებითო.

ომი მართლაც შეჩერდა ირანის ხელისუფალთა გონიერი გადაწყვეტილებით. არადა მას, როგორც დაზარალებულს შეეძლო სარაკეტო იერიში მიეტანა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. შეეშინდა და ვერ მიიტანა?

არ გარისკა. მსოფლიო არ დააყენა მე-3 მსოფლიო ომის წინაშე.

ირანის სულიერი ლიდერი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებდა — მაღალი პასუხისმგებლობის მქონე.

ირანის თავშეკავებამ კიდევ უფრო გაათავხედა ისრაელი და იერიში მიატანინა სირიის დედაქალაქ დამასკოზე, ოკუპაციაში მოაქცია სირიის ტერიტორიები. გენოციდის ზღვართან მიაყენა ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელები, ხოლო დასავლეთ სანაპირო თავის საკუთრებად გამოაცხადა.

ახლახანს, ისრაელის ქნესეთმა ხმათა უმრავლესობით დასავლეთი სანაპირო, სადაც პალესტინის ავტონომიაა, თავის საკუთრებად გამოაცხადა: 3000 წლის წინ იუდეია და სამარია (დღევანდელი ტერიტორიები, სადაც პალესტინელები ცხოვრობენ) ებრაელების იყოო.

არადა, პალესტინის ავტონომია საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. გაეროს გენასამბლეის არაერთი რეზოლუციაა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. ისრაელის სახელმწიფოს შექმნასთან ერთად პალესტინის სახელმწიფოც უნდა შექმნილიყო. ვერ შეიქმნა.

აშშ-ით ზურგგამაგრებულმა ისრაელმა დასავლეთის სანაპირო თავის საკუთრებად გამოაცხადა. მერე რა?

არც არაფერი. მსოფლიოს აღშფოთება არ ჩანს.

ანალოგიური გულგრილობაა ღაზის სექტორთან მიმართებაშიც. ისრაელი ანგრევს სექტორს, ხოცავს ხალხს, აიძულებს მას წავიდეს სხვა ქვეყანაში. ღაზა ებრაელებს უნდათ და მათ სურვილს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს. მისი გეგმით, ღაზის სექტორი ტურისტულ ედემად უნდა გადაიქცეს. იქ მცხოვრებ პალესტინელებს შეეძლებათ დარჩენა და ამერიკა-ისრაელის მიერ შექმნილ ტურიზმის სამოთხეში მომსახურე პერსონალად მუშაობა. ამ საქმისთვის 2 მილიონი პალესტინელი საჭირო არ არის. „ზედმეტი“ პალესტინელი საცხოვრებლად მეზობელ ქვეყნებში უნდა გადასახლდნენ.

ასე სურს ტრამპს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. ტრამპს, ისრაელთან მიმართებაში თავისი ინტერესები აქვს, რაც განპირობებულია სიძით, ორთოდოქსი იუდეველი კუშნერით.

ტრამპს, ამერიკაში მცხოვრები ებრაელები დიდ დახმარებას უწევდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ტრამპი ვალდებულია გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები.

ტრამპის დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ არასდროს ყოფილა ისეთი, ზელენსკი რომ ინატრებდა. ტრამპი მზად არის იარაღი მიჰყიდოს და არა მისცეს ზელენსკის — ისიც შუამავლის დახმარებით, ამ შემთხვევაში ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების. ტრამპი, მათ მიჰყიდის იარაღს, ისინი კი, თავიანთი შეხედულებიდან გამომდინარე გადასცემენ უკრაინას.

როგორც ჩანს, აშშ-ი გადის უკრაინული თამაშიდან და მინდორს ევროპელებს უთმობს, თუმცა არა ბოლომდე — „კოზირებს“ ხელში იტოვებს.

აქაც ტრამპის პოლიტიკა ზიგზაგურია, რაც ევროპელ „პარტნიორებს“ გამოუცნობი ამოცანის წინაშე აყენებს.

უკრაინის საკითხთან ერთად, ევროკავშირს თავისი სატარიფო ურთიერთობა აქვს გასარკვევი აშშ-თან. ტრამპის მიერ მათთვის დაწესებული ტარიფები, ისედაც ეკონომიკურად დასუსტებულ ევროპას სულს ამოხდის.

ენერგეტიკულმა პრობლემებმა, რუსულ იაფ გაზზე უარის თქმამ ევროპის ეკონომიკას საყრდენი გამოაცალა. იაფი რუსული გაზის წყალობით გახდა გერმანიის ეკონომიკა სამაგალითო. ამჯერად თვით ევროპელებმა თქვეს უარი რუსულ „პოლიტიკურ“ გაზზე, რითაც გაიუარესეს თავიანთივე ყოფა, ამ შემთხვევაში ხალხი მყავს მხედველობაში, თორემ ევროპის პოლიტელიტა — კორუმპირებული და თავსგასული, მშვენივრად გრძნობს თავს.

კორუფციის თემა ისეთივე აქტუალურია ევროკავშირში, როგორც უკრაინაში. ერთი კვირის წინ ევროპარლამენტმა განიხილა ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის საკითხი, კორუფციონერის, რომელმაც „კოვიდ-19“ დროს ასჯერ მეტი „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძინა, ვიდრე საჭირო იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

მას ბრალს დებენ 34 მილიარდი დოლარის მითვისებაში. სხდომამ კენჭიც უყარა ურსულას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას, მაგრამ 176 ხმა საკმარისი არ აღმოჩნდა ამისთვის.

ყველა ევროპარლამენტარმა იცის, რომ ურსულამ ფული მოიპარა, მაგრამ ქმედით ზომებს არ ან ვერ იღებენ, ვინაიდან ასეთია ევროკავშირული პოლიტიკური ცხოვრება.

ევროკავშირის შტაბ-ბინა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გერმანია და საფრანგეთი, ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთი ისე არიან ჩახუტებული უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომ ვერაფრით დარწმუნდებით მათ გულწრფელობაში და უმალ იფიქრებთ, რომ ამ ხვევნა-კოცნის უკან ფულია, დიდი ფული.

ფულის გამო იკრავს გულში საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ზელენსკის, ისე, როგორც მერცი და სტარმერი — გერმანიის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თორემ წვერგაუპარსავი, შეუხედავი „შავი ტარაკანა“ რა ჩასახუტებელია?!

უკრაინის ომმა ბევრი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი გაამდიდრა, მათ შორის ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი. ფულური ურთიერთობით არის გამოწვეული მათი სისტემატური ვიზიტები კიევში. არც ერთ მათგანს ომის დასრულება არ სურს. რუსეთის მიმართ საჯარო განცხადებები მათი მხრიდან — ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, ტყუილია. ომის დამთავრება არც ზელენსკის აწყობს. ისიც დიდ ფულს აკეთებს ომით.

ტრამპს სურს უკრაინის ომის დასრულება? მერედა ხელს ვინ უშლის?

მას შეუძლია ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. აშშ-ის სპეცსამსახურებს აუარება მასალა აქვთ დაგროვილი ზელენსკისა და მისი ადმინისტრაციის კორუმპირებულობაზე, ავკაცობაზე და სხვა უამრავ ნეგატიურზე, რაც საკმარისი იქნებოდა ზელენსკის არათუ გაგდების, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემისთვის.

ტრამპი ამ ფაქტებს არ იყენებს. და არ იყენებს იმიტომ, რომ არ სურს ომის დასრულება. რუსეთი, აშშ-ს მოწინააღმდეგეა, მტერია, ასე თვლის აშშ-ს პოლიტელიტა, მათ შორის ტრამპიც. ამდენად მისთვის რუსეთის ომით დასუსტება მისაღებია.

ტრამპი მშვიდობაზე ლაპარაკობს, გულში ომზე ფიქრობს — უკრაინის რუსეთთან, ისრაელის ირანთან, არაბულ ქვეყნებთან, ჩინეთის ტაივანთან. ომის გარდა ტრამპი ცდილობს მსოფლიო ჰეგემონობის შენარჩუნებას. ამისთვის მიიყვანა ის „დიპ სტეიტმა“ ქვეყნის სათავეში.

რა მიიღო მსოფლიომ ტრამპის გაპრეზიდენტებით?

გარდა ზიგზაგური პოლიტიკისა, პირწავარდნილი იმპერიალიზმი, ახალი სახის კოლონიალიზმი, ახალი სახის დიქტატურა და აშშ-სადმი მსოფლიო ქვეყნების მორჩილება.

არ დაემორჩილები, და მიიღებ ეკონომიკურ სანქციებს, მაგრამ ვერც „დიპ სტეიტი“ და ვერც მეორედ მოსული მსოფლიოს მხსნელი ვერ ხედავენ, რომ მსოფლიო იცვლება. დღევანდელი მსოფლიო ის არ არის, რაც 30 წლის წინ. პოლიტიკურ არენაზე ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, „ბრიკსის“ წევრი სხვა ქვეყნებია, რომლებიც ტრამპის მუქარას აინუნშიც არ აგდებენ.

დღეს, სხვა მსოფლიოა — არა ჰეგემონობაზე მომართული, არამედ მრავალპოლუსიანობაზე. „ბრიკსის“ ძალა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო, ანგარიშგასაწევია.

აშშ-ს ჰეგემონობა ნელ-ნელა ისტორიას ბარდება, რაც უნდა გაითვალისწინოს ქართულმა პოლიტიკამ, მაგრამ გაითვალისწინებს?

ეჭვი მეპარება, ვინაიდან დღევანდელ „პოლიტიკოსთა“ განათლება, უფრო სწორად გაუნათლებლობა ამის თქმის საბაბს არ მიტოვებს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი