პუტინი ტრამპის ულტიმატუმს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ რუსეთის პირობები არ შეცვლილა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომზე საჯაროდ ისაუბრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ დადებითად აფასებს თურქეთში ქვეყნების მოლაპარაკებების შედეგებს და პატიმრების გაცვლას. მისი თქმით, მოსკოვი ამ პროცესს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ამიტომ „მზადაა, დაელოდოს“, თუ კიევი მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება.

ამასთან, კრემლის მმართველმა განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკური რეჟიმი თითქოსდა არ არის დაფუძნებული კონსტიტუციაზე. მისივე თქმით, რუსეთი მხარს უჭერს იმ ნაბიჯების განხილვას, რომლებიც „ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე“ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის პირობები ომის დასრულების შესახებ, რომლებიც მან გასულ ზაფხულს გააჟღერა, არ შეცვლილა. მან ასევე უპასუხა ტრამპის სიტყვებს მისი საქციელით იმედგაცრუების შესახებ: „რაც შეეხება ნებისმიერ იმედგაცრუებას, ნებისმიერის მხრიდან. ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან გამომდინარეობს. ეს კარგად ცნობილი, ზოგადი წესია“.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის ივნისში, შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტის წინა დღეს, კრემლის მმართველმა გამოაცხადა პირობები, რომელთა მიხედვითაც რუსეთი „დაუყოვნებლივ“ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდა. კერძოდ, პუტინის პირობებით, უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებიდან – რეგიონებიდან, რომლებიც მოსკოვმა ცალმხრივად შეიტანა თავის კონსტიტუციაში.

გარდა ამისა, მის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე, ქვეყნის არაბირთვული სტატუსის განმტკიცება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა კრემლს 10 დღე მისცა უკრაინის წინააღმდეგ ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად. თუ ეს 8 აგვისტომდე არ მოხდება, ამერიკის შეერთებული შტატები ფართომასშტაბიან სანქციებს დააწესებს.