“კალაძე არ არის ქალაქში პოპულარული და შესაბამისად, ცოტა ხმა უნდა მიიღოს” – პაატა ზაქარეიშვილი

“ნაცმოძრაობაში” ბევრი მეგობარი მყავს და გული მწყდება, რომ ზოგჯერ ძალიან არიან რეალობიდან ამოვარდნილი. არიან, ვინც გუნდთან არაფერს ათანხმებს. ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით არავინ არავის არაფერს ეკითხება, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ხაბეიშვილი გამოვარდება და რამეს იტყვის, მერე წითლიძე გამოვა და მეორე რაღაცას დაარტყამს. გუნდში არა იმდენად განხეთქილება, რამდენადაც გაუგებრობაა. ამიტომაც არის, რომ “ნაცმოძრაობა” დღეს 7 ნაწილისგან შედგება – იმ ხალხზე ვლაპარაკობ, იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ერთად იყვნენ და მერე დაიშალნენ, როდესაც წააგეს. პარტიამ ვერ გაუძლო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთდღიან წაგებასაც კი. როგორც კი წააგეს არჩევნები 2012 წელს, მაშინვე დაიწყო მათი დაშლა, თუმცა პარტია დღემდე არსებობს. ასე რომ, დაპირისპირებას ვერ ვიტყოდი, ასე ვთქვათ, აქვთ შიდა გაუგებრობები, რადგან ხვდებიან, რომ მაინც ერთად ყოფნა ჯობს. მაგრამ კითხვას, რატომ ვიქცევით ასე და იქნებ შევათანხმოთ პოზიციებიო, აშკარად არ უსვამენ საკუთარ თავს. სულ იმას გაიძახიან, ერთობა, ერთობაო, და საერთო ერთობა კი არა, შიდა ერთობაც კი არ გამოსდით.

მგონია, “ნაცმოძრაობის” ყველაზე დიდი შეცდომა დღეს ის არის, რომ იმ არჩევნების ჩაშლა სურთ, რომელიც ვერ ჩაიშლება, იმიტომ, რომ საამისოდ არანაირი მომზადება არ ყოფილა და რაც მთავარია, ორი წამყვანი პოლიტიკური ძალა – “ლელო” და გახარია, არ აპირებს ამის გაკეთებას. ოპოზიციიდან ბარიერი სულ 4-მა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა და აქედან 2 ბოიკოტს აცხადებს, 2 მონაწილეობს. ეს ნიშნავს, რომ ბოიკოტის იდეა არ ამართლებს. რაც არ უნდა ინერვიულო, იჩხუბო, იყვირო, იძახო, მართალი ვარო, რატომ არის შენი სიმართლე სიმართლე და მათი სიმართლე არა? ვინ გადაწყვიტა ეს? “ლელოსა” და გახარიასთან საზოგადოებას კი აქვს კითხვები, მაგრამ ისინი არ ყოფილან ხელისუფლებაში იმ ზომითა და დოზით, როგორც თავის დროზე “ნაცმოძრაობა”. გახარიასაც კი, რომელთანაც საზოგადოებას შეიძლება რამე პრეტენზია ჰქონდეს, “ოცნებამ” ჩორჩანას თემაც გამოუთრია, მაგრამ მას არა აქვს იმ დონის ცოდვები, რასაც საზოგადოება აკერებს “ნაცმოძრაობას”. როდესაც საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შენთან პრეტენზიები აქვს, რატომ ხარ უფრო მართალი შენ, “ნაცმოძრაობავ”, ვიდრე შენთვის მიუღებელი გახარია და “ლელო”?

“ნაცმოძრაობის” პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი 4 ოქტომბრამდე, იმავე ვაშაძის გამოსვლა, ჯაფარიძის გამოსვლა და ა.შ., მიმართულია არა “ქართული ოცნების”, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ. ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რომ არ ყოფილიყო, მაშინ მოითმენდნენ და ასეთი აღქმაც არ იქნებოდა. კარგი, მე არ მომწონს არჩევნებში მონაწილეობის იდეა, ბოიკოტს ვაცხადებ, მაგრამ არა, ბრძოლა აქვთ გაჩაღებული “ლელოსა” და გახარიასთან. რისი იმედი აქვთ? ამას ჩემთვის ერთადერთი ლოგიკური ახსნა აქვს და, თუ მე მართალი ვარ, ეს ძალიან ცუდი რაღაცაა _ მათ უნდათ საერთოდ გააქრონ, გაკრიფონ ის შუა, რაც ვერ გაკრიფა ივანიშვილმა. ივანიშვილი ეჭიდავა, ებრძოლა და შუა მაინც არათუ ვერ გაკრიფა, უფრო გააძლიერა. “ლელო” და გახარია 9-9 პროცენტს იღებენ, რაც ადრე საერთოდ წარმოუდგენელი იყო. ამ დროს “ნაცმოძრაობას” აკლდება და აკლდება ხმები და გამოდის, ეს ხმები, რაც “ლელოსა” და გახარიასთან მიდის, “ნაცმოძრაობის” დაკარგული ხმებია. კოლექტიური გახარია-“ლელოს” ხმები თითქმის თანაბარია კოლექტიურ “ნაცმოძრაობის” ხმებთან – ანუ რაც ვერ გააკეთა ივანიშვილმა, აკეთებს “ნაცმოძრაობა”.

მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან და არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ ივანიშვილის საქმეს აკეთებს “ნაცმოძრაობა”. არა, ასე არ ვფიქრობ. ლაპარაკია იმაზე, რომ “ნაცმოძრაობა” თვითონ მიხვდა, რომ გასაკრეფია შუა… არ ვიცი, 20 ოქტომბერს რა იქნება, მაგრამ 5-6 ოქტომბერს ყველა დავინახავთ, რომ “ქართული ოცნება” უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო 3 ოქტომბერს და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბოიკოტის დამსახურება. არ დასჭირდებათ არავითარი გაყალბება, ისე გააკეთებენ ამას გახარია-“ლელოს” მონაწილეობის შემთხვევაშიც იმიტომ, რომ ცოტანი არიან. არსებობს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის რაღაც მასა და ეს მასა ბოლო ათ წელიწადში 900 ათასი კაცი იყო. ეს ხუმრობა არ არის. პლუს ის ხმები, ვისაც მათ მისცეს, ვინც ბარიერი ვერ გადალახა. შესაბამისად, მილიონამდე კაცი სერიოზული არმიაა, რომელსაც აღარ უნდა “ქართული ოცნება”. აი, ამ ფონზე კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” უფრო მეტი აიღო, პირველ-მეორე ადგილზე გავიდა. უხეში გათვლით, სადღაც ნახევარი მილიონი ხმა აიღო “ნაცმოძრაობა”-გვარამიამ ჯამში და ამ ფონზე დაახლოებით 500 ათასი კაცის არჩევნებიდან ჩამოჭრა სერიოზული ზარალია. “ლელო” და გახარია მარტო ვერ გაქაჩავენ მერობის კანდიდატებს დიდ ქალაქებში”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

ამიტომ ის, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა, ძალიან დიდი დარტყმაა დემოკრატიისთვის. შენ რომ არჩევნებზე არ მიდიხარ, არაფერს აკეთებ, გარდა იმისა, რომ არჩევნებზე არ მიდიხარ. არჩევნებზე რომ მიდიხარ, ან იმას აძლევ ხმას, ან ამას, ან ყველას წინააღმდეგ აძლევ – ანუ რაღაცა კეთდება. როდესაც არ მიდიხარ, სახლში რჩება ეს ხმები, რასაც, როგორც წესი, ხელისუფლება იყენებს ხოლმე გასაყალბებლად, ან იმდენად ძლიერია, რომ აღარ სჭირდება გასაყალბებლად – ანუ ამით მთლიანად აძლევენ კარტ-ბლანშს “ქართულ ოცნებას”. “ლელო” და გახარია რის გაკეთებასაც შეძლებენ, ის არის, რომ საკრებულოებში გაიყვანენ თავიანთ ხალხს, დაფინანსებას მიიღებენ და მოემზადებიან შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. რეალურ პოლიტიკაში მუშაობა აუცილებელი და საჭიროა. თუ არ მონაწილეობ რეალურ პოლიტიკაში, შენი მოწინააღმდეგე კიდევ უფრო ძლიერდება. მთელი უბედურება ასეთი პოლიტიკის, რასაც ახლა “ნაცმოძრაობა” მიჰყვება, ის არის, რომ შენი მოქმედებით კონტრშედეგს იღებ. ამით “ოცნებას”, რომელსაც ებრძვი, უფრო აძლიერებ, და შენს თავს, რომელსაც გადარჩენა გინდა, უფრო ასუსტებ. ბოიკოტს დედამიწის ზურგზე არსად არ უმუშავია.

“ნაცმოძრაობას” უნდა შუის გაკრეფით გაანადგურონ, ამოშანთონ ნებისმიერი სხვა ოპოზიციური ძალა, რომელიც არ არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილი. იმედი ჰქონდათ, რომ თუ წამოიყვანდნენ, სინდისზე შეაგდებდნენ “ლელოს” და გახარიას, ესენი ქუჩაში დარჩებოდნენ სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ გაქაჩავდნენ. არც ერთს და არც მეორეს ფული არა აქვს. გახარიას ფული საერთოდ არა აქვს, “ლელოსაც” არა აქვს იმდენი, რომ 3 წელი პარტია შეინახოს. მაგრამ “ლელო” და გახარია მიუხვდნენ ჩანაფიქრს “ნაცმოძრაობას”, რომელიც ხედავს, რომ ჩანაფიქრი ჩაუშალეს, მაგრამ გამწარებული მაინც პრინციპულად წინ მიდის… გახარიას მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მას 2021 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიეღო, არათუ 2024 წელს იმავე შედეგს ვერ აჩვენებდა, არამედ საერთოდ გაქრებოდა.

ლაპარაკია, თითქოს “ლელოსა” და გახარიას შორის თბილისის მერობის კანდიდატზე შეუთანხმებლობაა… თუ ვერ შეთანხმდებიან, კარგი ნამდვილად არ იქნება, ცხადია, ეს ორივეს დააზარალებს. იმედია, ეს ესმით და ვიღაცაზე მაინც შეთანხმდებიან. თუ ვერ შეთანხმდნენ, რაც ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, რა თქმა უნდა, ხმებს დაკარგავენ და ორი კანდიდატი ცალ-ცალკე გავა, ვინმე “ა”, ვინმე “ბ” და კალაძე. თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა კალაძეს არ მისცა ხმა და ეს ხმები გადანაწილდა დანარჩენ ორზე, ცხადია, მეორე ტური იქნება. თუ აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური ხმები იმდენად ცოტა იქნება, რომ კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვისაც. თუმცა ისიც არის, რომ გამოსავალი ძალიან ცუდ ვარიანტშიც არსებობს და, თუკი “ლელო” და გახარია შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, საზოგადოება არ უნდა გაბრაზდეს მათზე, მაინც უნდა მივიდეს არჩევნებზე, მისცეს ხმა რომელიმეს კანდიდატს და ვნახავთ, რომლის კანდიდატი მიიღებს მეტ ხმას და გაარტყამს თუ არა მეორე ტურს”.

კალაძე არ არის ქალაქში პოპულარული და შესაბამისად, ცოტა ხმა უნდა მიიღოს. დანარჩენი ხმები კი ან სახლში დარჩება, ან ოპოზიციაზე გადანაწილდება. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება “გირჩი”, რომელიც ბარიერის გადამლახავიც არის, და არც ის არის გამორიცხული, მერობის კანდიდატი მასაც ჰყავდეს, მით უმეტეს, “გირჩი” საქალაქო პარტიაა და ისიც წაართმევს ხმებს. ამიტომ მაინც საჭიროა ერთიანობა და იმედია, ესმით ეს და შეთანხმდებიან ერთ კანდიდატზე. თუ არადა, ამომრჩეველმა ყურები მაინც არ უნდა ჩამოვყაროთ და ვეცადოთ მეორე ტური მაინც შედგეს. ცხადია, მეორე ტურში კალაძე მაინც გაიმარჯვებს, რადგან “ნაცმოძრაობის” ხმები არ მივა, მაგრამ მეორე ტური იმისთვის არის საჭირო, რომ საზოგადოებამ თავისი ძალის დაიჯეროს და დაიჯერებს იმასაც, რომ “ნაცმოძრაობა” ატყუებდა, რომ რესურსები არსებობს ბოიკოტის შემთხვევაშიც კი.

 

პაატა ზაქარეიშვილი 

წყარო: “კვირის პალიტრა”