უკრაინის ნიკოლაევის ოლქის დასახლება ბუგსკოეში სამობილიზაციო ღონისძიებების დროს მათ ადგილობრივი მოსახლეობა თავს დაესხა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„სამოქალაქო პირები ბეისბოლის ჯოხებით და რკინის მილებით იყვნენ შეიარაღებულები. მათ ტრანსპორტი დააზიანეს და ერთ-ერთ სამხედროს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს“, – წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაპირისპირების შედეგად როგორც სამობილიზაციო პუნქტის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები დაშავდნენ. ადგილზე პოლიცია მუშაობს.
1-ელ აგვისტოს ვინიცაში ასევე ადგილობრივ მოსახლეობასა და სამობილიზაციო პუნქტის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა იმ კაცების გათავისუფლებას მოითხოვდა, რომლებიც, მათი თქმით, სამობილიზაციო პუნქტის თანამშრომლებს სტადიონზე ჰყავდათ გამოკეტილი. ამის შემდეგ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ აკავებენ უკრაინაში სამობილიზაციო პუნქტის თანამშრომლები ახალგაზრდებს და შემდეგ ისინი ჯარში მიჰყავთ. 800 ათასამდე უკრაინელი ჯარში გაწვევას თავს არიდებს. ზოგმა მისამართი შეიცვალა და „შავ ხელფასზე“ მუშაობს, ზოგი იმალება. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ეკონომიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ნატალუხამ განაცხადა.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, ეს სიტუაცია სამობილიზაციო პუნქტის თანამშრომლებს აიძულებს, რომ ჯარში ის პირები წაიყვანონ, ვინც ლეგალურად მუშაობს. ეს კი უკრაინას სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის.