შავ ზღვაზე კვების ობიექტები გადავსებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან

„მოლოდინი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და სასტუმროებისა თუ რესტორნების კუთხით დატვირთულობა საგრძნობლად გაიზარდა,“ – აღნიშნულთან დაკავშირებით რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის კომენტარს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბურჯანაძის თქმით, არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, აგვისტო დატვირთულობით წინა თვეებს გადააჭარბებს.

„საქართველო, განსაკუთრებით ზაფხულში, ტურისტული თვალსაზრისით აქტიურ რეგიონად ითვლება – როგორც შავი ზღვისპირეთი დასავლეთში, ისე დედაქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ამჟამად თბილისში, ჩავარდნილი თვეების შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სასტუმროებისა და რესტორნების დატვირთულობა მკვეთრად გაიზარდა. მოლოდინი, რაც არსებობდა, გამართლდა, და დღეის მდგომარეობით, სეზონი დადებითად ფასდება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვისპირეთს – იქ მოლოდინებიც კი გადაჭარბებულია. კვების ობიექტები გადავსებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან.

პირდაპირი ავიაფრენები ქუთაისსა და ბათუმში ტურისტებისთვის დამატებითი მიზიდულობის ფაქტორია. ვფიქრობ, რომ აგვისტო იქნება უფრო დატვირთული და წარმატებული, ვიდრე წინა თვეები,“ – ამბობს ბურჯანაძე.